logo
ENG



აშშ: ირანელი სამხედროები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსეთს დრონების მართვაში ეხმარებოდნენ

21 ოქტ 202213:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/xgdjeg26v7cpujd.jpg
West Asia News Agency

აშშ-ის ცნობით, ირანელი სამხედრო მწვრთნელები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმ ირანული წარმოების დრონების მართვაში ეხმარებოდნენ, რითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგისას განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ირანის სამხედრო პერსონალი ყირიმში იმყოფებოდა და რუსეთს ირანისგან შეძენილი დრონებით უკრაინაზე თავდასხმაში ეხმარებოდა.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის სამხედრო პერსონალი, ყირიმის ბაზაზე ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს მართავდა და მათ იყენებდა უკრაინაზე კინეტიკური დარტყმებისთვის, მათ შორის ბოლო დღეებში კიევის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშში.

ჩვენი შეფასებით ირანის სამხედრო პერსონალი იყო ხმელეთზე ყირიმში და რუსეთს ამ ოპერაციებში ეხმარებოდა.

ამ დროისთვის რუსეთს ათობით ასეთი დრონი აქვს მიღებული და სავარაუდოდ, მომავალში კვლავ მიიღებს დამატებით მარაგებს“ - განაცხადა ნედ პრაისმა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს მიმართოს ყველა გზას, მათ შორის სანქციებს, რათა „გაამჟღავნოს, ხელი შეუშალოს და დაუპირისპირდეს“ ირანის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე უკრაინას დაეხმაროს საჰაერო თავდაცვის კუთხით.

„ირანს და რუსეთს შეუძლიათ მოატყუონ მსოფლიო, მაგრამ ისინი ნამდვილად ვერ დამალავენ ფაქტებს და რეალობა კი ესაა: თეირანი ახლა პირდაპირ მონაწილეობს ხმელეთზე“ - განაცხადა კირბიმ.

რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, ირანს სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა.

"3-დღიანი განხილვების შემდეგ, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ზომების მიღებაზე ირანული საფრენი აპარატების მიმწოდებელი კომპანიების წინააღმდეგ. წერილობითი პროცედურა დასრულებულია, სანქციები ძალაში დღეს, ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა", - წერია ინფორმაციაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნდა

ევროკავშირი ასევე მზად არის, სანქციები დაუწესოს კიდევ 4 ირანულ ორგანიზაციას, რომლებიც უკვე ფიგურირებდნენ სასანქციო სიის მოსამზადებელ დოკუმენტში. საუბარია 3 ფიზიკურ და ერთი იურიდიულ პირზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი კამიკაძე დრონების მიწოდებაზე.

ასევე 20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა ირანს რუსეთისთვის იმ დრონების მიწოდების გამო, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთის სანქციები შეეხო იმ 3 ადამიანს, ვინც პირადადაა პასუხისმგებელი რუსეთისთვის იმ დრონების მიწოდებაზე. ბრიტანეთმა ამ ადამიანებს ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა და გაყინა მათი ქონება.

ასევე სანქციები დაუწესდა საავიაციო ინდუსტრია Shahed-ს, რომელიც იმ დრონებს აწარმოებს, რასაც რუსეთი უკრაინაში თავდასხმებისთვის გამოიყენებდა. ბრიტანეთმა ქვეყანაში Shahed-ის აქტივები გაყინა.


close დახურვა