ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ელექტროშემდუღებლების ადვოკატის თამაზ მექოშვილი ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფებმა აუზში სამუშაოები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ჩაატარეს.
ადვოკატის თქმით, დაკავებულებს არ მიუძღვით ბრალი იმ სადენის დაზიანებაში, საიდანაც აუზში დენმა გაჟონა, რადგან მათ შესაბამის ცხაურზე სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.
ადვოკატი ამბობს რომ ელექტროშემდუღებლები იღებდნენ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც და ვაკის პარკის შადრევნის პროექტის შემთხვევაშიც იყო ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მათ თუნუქის ფირფიტით უნდა შეეფუთათ აუზში არსებული 3 აგრეგატში შემავალი წყლის სადენები.
ადვოკატის თქმით, მათ 2 აგრეგატზე მოხსნეს ცხაური და გადაახვიეს სადენებზე ფირფიტა, ხოლო მესამე აგრეგატის შემთხვევაში, მათ არ დასჭირდათ ცხაურის მოხსნა.
დაკავებული ელექტროშემდუღებლები აცხადებენ, რომ სწორედ ის ცხაური არ მოუხსნიათ, რომელიც არის საქმეში და რომლის ქვეშაც მოყოლილი იყო ელექტროსადენი.
მექოშვილი აცხადებს, რომ უნდა დადგინდეს, ელექტროსადენი ცხაურის ქვეშ მისი მოხსნის და შემდგომში დაყენების შედეგად მოხვდა თუ რაიმე მექანიკური ქმედების გამო დაზიანდა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ დასადგენია, რა მდგომარეობაში იყო კაბელი ცხაურის დამონტაჟებამდე.
„მათი [დაკავებული ელექტროშემდუღებლების] განცხადებით, მათ კი, შეასრულეს გარკვეული დაკვეთით სამუშაოები, თუმცა ეს იყო ზეპირი შეთანხმებით, ყოველგვარი პროექტის, ან რაიმე წესის დაცვის გარეშე. მათთან შეთანხმებული იყო, რომ 3 აგრეგატზე, მათში შემავალი და გამავალი წყლის პლასტმასის სადენებზე გადაეხვიათ თუნუქის ფირფიტა. რისთვისაც მათ 3 აგრეგატიდან 2-ზე მოხსნეს, დასჭირდათ 2-ზე რკინის ცხაურის მოხსნა და შემდგომში უკან დაბრუნება, ხოლო მესამე ცხაურზე მათ არ განუხორციელებიათ მოხსნა და დაყენება, ისე მოახდინეს ამ ფირფიტის გადახვევა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს განცხადებით, იმ ცხაურზე, რომელშიც არის ადგილზე დათვალიერების ფოტოებში ამოღებული მასალიდან ჩანს რომ არის მოყოლილი ელექტროსადენები ცხაურის ქვეშ, მათი განცხადებით, სწორედ აღნიშნულ აგრეგატზე არ მოუხდენიათ მათ ცხაურის მოხსნა და უკან დამონტაჟება.
შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ იქ დასადგენია ეს ელექტროკაბელი ქვეშ მოხსნა-დაყენების შედეგად მოყვა თუ სხვა მექანიკური ქმედების შედეგად განხორციელებულიყო, მოხვედრილიყო იმ ცხაურის ქვეშ: თუნდაც დალაგების დროს, თუნდაც ვინმე აუზში გამვლელის ფეხის წამოდებისას და ა.შ.
ასევე გასარკვევია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისგან თუ იყო ეს ცხაური მოხსნილი და დაყენებული, მანამდე რა მდგომარეობაში იყო ის კაბელი იქ, იმიტომ რომ როგორც ჩანს მას დამცავი არც მანამდე ჰქონდა“ - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი თამაზ მექოშვილი ასევე ამბობს, რომ გაეცნო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მისი თქმით, წერია რომ ადგილზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. კერძოდ, ცხაურებს უნდა ჰქონოდათ დამიწება, რომლის არსებობის შემთხვევაში თუ აუზში დენი გაჟონავდა ელექტროენერგია ავტომატურად გაითიშებოდა.
ადვოკატის თქმით, სწორედ დამიწების არარსების შემთხვევაში, მაშინაც კი თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არასწორად შეასრულეს საქმე, ეს ტრაგედია, სავარაუდოდ, არ მოხდებოდა.
„აქ მთავარი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა არის ის რომ უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული იმ დროს როცა ადგილზე მოეწყო ის ცხაურები, რომელსაც თურმე აუცილებლად უნდა ჰქონოდა დამიწება. გამართულობის და დამიწების არსებობის შემთხვევაში დენის გაჟონვისთანავე მოხდებოდა ელექტროენერგიის მოკლე ჩართვა და გამოიწვევდა გათიშვას. როგორც ჩანს, სწორედ ამ რელეს გათიშვა-არ გათიშვაზეა საუბარი.
ამ დამიწების არ ქონამ გამოიწვია სწორედ ის დიდი ტრაგედია, რასაც პატარა ანგელოზის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაბამისად, რომ ყოფილიყო ის უსაფრთხოების წესები დაცული, დაუდევრობის აღმოჩენა წამიერად მოხდებოდა, რომც ყოფილიყო ასეთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისგან დაშვებული, წამიერად, როგორც კი ჩაირთვებოდა აუზი იმ წამს მოკლე ჩართვით ის გაითიშებოდა“ - განაცხადა თამაზ მექოშვილმა.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
