ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყო, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე - რიში სუნაკს.
"ძალიან კარგი შანსია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად არჩევნებში წარმატებული ვიყო და პარასკევს მართლაც დავბრუნდე დაუნინგ სტრიტზე, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში მე სამწუხაროდ მივედი დასკვნამდე, რომ ეს უბრალოდ არ იქნებოდა სწორი. ვერ მართავთ ეფექტურად, თუ არ გეყოლება ერთიანი პარტია პარლამენტში", - თქვა მან.
23 ოქტომბერს რიში სუნაკმა დაადასტურა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 14:00 საათამდე უნდა მოიპოვონ ხმების საჭირო რაოდენობა, რათა მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ.
თუ ამ დროისთვის საჭირო ხმებს 2-ზე მეტი კანდიდატი მოაგროვებს, ის, ვისაც ყველაზე მცირე ოდენობის ხმა ექნება, გამოეთიშება ბრძოლას. დარჩენილი 2 კანდიდატს შორის არჩევანს კი კონსერვატიული პარტიის წევრები ონლაინ კენჭისყრით გააკეთებენ. თუ მხოლოდ ერთი კანდიდატი მოაგროვებს 100-ზე მეტ ხმას, ბრიტანეთის ახალი პრემიერიც სწორედ ის გახდება.
კენჭისყრის საბოლოო შედეგები და შესაბამისად, კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი პარასკევს, 28 ოქტომბერს გამოცხადდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ტრასის თქმით, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.
"ვაღიარებ, რომ ამ სიტუაციაში ვერ ვასრულებ მანდატს, რომელზეც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია. შესაბამისად ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს და შევატყობინე, რომ მე ვტოვებ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას" - განაცხადა ტრასმა.
ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით - 45 დღით იყო პრემიერმინისტრი.
მისი გადადგომის მიზეზი ის ეკონომიკური კრიზისია, რომელშიც ქვეყანა ოპონენტების და კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის აზრით ტრასის პოლიტიკის გამო აღმოჩნდა.
ლიზ ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ აირჩიეს. მან კონსერვატიული პარტიის არჩევნებისას კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა დაბალი გადასახადების, ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის შესახებ დაპირებებით მოიპოვა. ტრასმა პარტიის ლიდერის არჩევნებში დაამარცხა რიში სუნაკი და თანამდებობა ოფიციალურად 5 სექტემბრიდან დაიკავა.
ტრასი საკუთარი პარტიის, ოპონენტებისა და ინვესტორებისგან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა საფრთხე, რომ მისი პოლიტიკური გეგმა ქვეყანაში ინფლაციას და ობლიგაციების ბაზრის ჩამოშლას გამოიწვევდა.