უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის გზავნილზე, რომ "მოლაპარაკებების დაწყება საჭიროა" განაცხადა, რომ დიალოგის დასაწყებად აუცილებელია, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს.
დღეს კიევში ვიზიტისას გვინეა-ბისაუს პრეზიდენტმა უმარუ სისოკუ ემბალომ ზელენსკისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ის გუშინ მოსკოვში იმყოფებოდა და შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც მას სთხოვა უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა, რომ „მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია“.
გვინეა-ბისაუს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, პუტინი მზადაა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.
პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალში დიალოგის დაწყებისთვის რუსეთმა უნდა დაიწყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენულობისა და საზღვრების პატივისცემა.
ზელენსკის თქმით, მან ემბალოსთან შეხვედრისას აფრიკული სახელმწიფოს ლიდერს დეტალურად აუხსნა რა ხდება სინამდვილეში.
„მე ვთქვი, რომ იმისთვის რომ იყოს ხიდები ამ და იმ ქვეყანას შორის, აუცილებელია რომ ერთი ქვეყნის ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრებოდეს. ცხადია, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მომავალში რაღაცებზე საუბარი“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ეს მესიჯი აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერის ხელით გაუგზავნა უკრაინას.
პრეზიდენტის აზრით, იმ პირობებში, როცა რუსეთი მხარეებს შორის „სიტუაციის განბლოკვისთვის“ არაფერს აკეთებს, პუტინის ამგვარი რიტორიკა ყალბია და მხოლოდ რუსული და იმ ქვეყნების აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, ვისი პოლიტიკაც რუსეთისგან იზოლირებული არაა.
„მეც ვამბობ, რომ აუცილებელია ურთიერთობებზე ბლოკის მოხსნა. მე ვამბობ, მოდით განბლოკვა სულ მცირე შავი ზღვიდან დავიწყოთ...
მთელი ეს რიტორიკა მოდის რუსეთიდან. საფრთხე სრულიად მათგან მოდის ჩვენს ტერიტორიაზე. მათ ოკუპირებული აქვთ ჩვენი ატომური ელექტროსადგური. ისინი გვემუქრებიან დამატებითი ოკუპაციით და ჰიდროელექტროსადგურის ნგრევით...
მე ვფიქრობ, ზუსტად ამგვარი მარტივი, ფუნდამენტური რამეებიდან იწყება ყველაფერი. ამ დროისთვის ეს ყველაფერი არ არის, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის სურვილი დიალოგის, ვფიქრობ, არაფერია თუ არა დაგეგმილი რიტორიკაა, რომელმაც შიდა აუდიტორიაზე და იმ სახელმწიფოების აუდიტორიაზე უნდა იმუშაოს, რომლებსაც არ აქვთ იზოლირებული პოლიტიკა საკუთარ სახელმწიფოსა და რუსეთს შორის“ - განაცხადა ზელენსკიმ.