logo
ENG



წულუკიანმა საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობისთვის კონკურსი გამოაცხადა

01 ნოე 202213:03
3 წუთის საკითხავი
clock 527
2022/11/01/bngoslvsb37ufrl.png

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობისთვის კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ბიუჯეტი 80 000 ლარია.

"ჩვენ არაერთხელ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჩვენი სამინისტრო ცალკეულად ჩამოყალიბდა, მივიღეთ შენიშვნები, რომ სახელმწიფო, კულტურის სამინისტრო, ხელს არ უწყობსო იმას, რასაც საცირკო ხელოვნებას ვუწოდებთ. სულ ბოლოს ასეთი შენიშვნა მინისტრის საათის დროს, პარლამენტში მივიღეთ, ვინაიდან, იგივე დაინტერესებული ჯგუფები მიმართავენ ხოლმე, რაც ბუნებრივიცაა, თავიანთ წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში. ვინაიდან, საბიუჯეტო წელი იწურება, ჩვენ მოვიძიეთ სხვადასხვა პროექტიდან გამოყოფილი ეკონომიები და ვაცხადებთ დღეს კონკურსს საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად", - განაცხადა მან.

კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კონკურსის მიზანი საქართველოში მოქმედი ცირკის პროფესიული თუ სამოყვარულო დასების, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის გზით, საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაციაა.

უწყების ცნობით, კონკურსის ფარგლებში მიიღება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს პროფესიული თუ სამოყვარულო საცირკო დასების, მათ შორის - მობილური საცირკო დასები, ე.წ. შაპიტოს, ჯგუფებისა და დამოუკიდებელი არტისტების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საჭირო ხარჯით უზრუნველყოფას.

"ჩვენთვის ეს კონკურსი იქნება გარკვეული ტესტი. ერთი მხრივ, დავინახავთ, განმცხადებლები ვინ იქნებიან, რომ ვიცოდეთ, ნამდვილად არიან თუ არა ჯერ კიდევ შემორჩენილები ადამიანები, ადამიანის ჯგუფები, ვისაც ამგვარი ტიპის ხელშეწყობა, შეიძლება, აინტერესებდეთ სახელმწიფოს მხრიდან და მეორე მხრივ, გამარჯვებული პროექტები, თუ ასეთები იქნება, როგორ შედეგს მოიტანს. თუ ეს კონკურსი ამ ორი მაჩვენებლის მიხედვით ჩაითვლება წარმატებულად, ჩვენ გპირდებით, რომ მომავალ წელსაც, კონკურსის გზით, საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას გავაგრძელებთ", - განაცხადა მინისტრმა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც აქვთ საცირკო ხელოვნების ნებისმიერ ჟანრში საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილება.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კონკურსში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც წინასაახალწლოდ გამართავს საცირკო წარმოდგენებს საქართველოს რეგიონებში.


close დახურვა