არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე დატოვა პატიმრობაში - მათი შეფასებით, აღნიშნული საქმის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.
"აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა სახალხო დამცველისა, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებები. ამ მოსაზრებების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ შესწავლილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რის შემდეგაც მის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა", - ნათქვამია განცხადებაში.
NGO-ები მიუთითებენ, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას.
"საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების მანძილზე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გაწეული ძალისხმევა ე.წ. გავლენიანი მოსამართლეების ქმედებებით მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მაჩვენებელია. მსგავსი საქმეები კი სრულიად მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის მიუკერძოებელ მოსამართლეებსაც აყენებს ჩრდილს. მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოჰყვება", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
განცხადებას ხელს აწერენ:
-
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
-
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
-
ღია საზოგადოების ფონდი
-
ადამიანის უფლებათა ცენტრი
-
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
-
საზოგადოება და ბანკები
-
მედიის განვითარების ფონდი
-
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს გამოაცხადა.
სასამართლომ გვარამია გარდა ავტომობილის ეპიზოდისა, დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.