თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, ექთნები და სხვა თანამშრომლები უკვე მერვე თვეა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მათ დღეს სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს და კიდევ ერთხელ გაახმოვანეს მოთხოვნები, მათ შორის, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების ზრდა.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის მონაწილეები ივლისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, რომელიც 2023 წელს ხელფასების 10%-იან ზრდას დაჰპირდა, თუმცა ექიმებისთვის ეს დათქმა მიუღებელია.
ისინი ამბობენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გააგრძელებენ პროტესტს და მიმართავენ რადიკალურ ზომებს.
"ვითხოვთ ღირსეულ ანაზღაურებას, ეს არ არის ის, რომ დღეს უნდა იყოს ერთბაშად მომატებული, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ეტაპობრივადაც შეიძლება, უბრალოდ არ არის მიღწეული შეთანხმება, რომ პირობითად შეიძლება იყოს 50% ახლა და შემდეგში გარკვეული პროცენტი მატება, მაგრამ ამაზე საერთოდ არ არის საუბარი, მატებაზე, მხოლოდ ეს არის 10%-იანი დანაპირები, მომავალ წელს", - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.