თბილისში ვიზიტით მყოფი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრა ჩეხეთის საელჩოში გაიმართა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დეტალებზე არ ისაუბრეს, თუმცა აღნიშნეს, რომ აუდიენციაზე მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო.
"ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მმართველი ძალის მხრიდან სურვილს, განახორციელოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროკომისიამ ჩამოაყალიბა. დღეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არის ქართული ოცნება, რომელიც არ აძლევს საშუალებას ქართველ ხალხს აისრულოს ისტორიული ოცნება, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში"- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის თქმით, არასამთავრობო სექტორმა საუბრისას იმ გამოწვევებს გაუსვეს ხაზი, რაც ქვეყანაში მართლმსაჯულების და დეოლიგარქიზიის მიმართულებითაა.
"ჩვენი მხრიდან აქცენტი გავაკეთეთ მართლმსაჯულებაზე, საარჩევნო რეფორმაზე, ომბუდსმენის არჩევაზე, დეოლიგარქიზაციაზე. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ არის გამოწვევები, თუმცა ერ კიდევ არის დრო, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოწვევები, ერთადერთი გზა არის ევროინტეგრაცია და ასე ვთქვათ, ვთხოვეთ მათ დახმარება"- თქვა დოლიძემ.