
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსებს არ უნდა დაეწყოთ პანიკა ხერსონიდან რუსული არმიის უკან დახევის გამო.
"ტერიტორიული სუვერენიტეტის ცნება ჩვენს ქვეყანაში არსად გამქრალა. ყველაფერი რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდება. ყველა მზრუნველი ადამიანის შფოთვა სავსებით გასაგებია, მაგრამ ისტერიკა და განგაში - არა", - თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა ხერსონი სრულად დატოვა და დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადავიდა. უწყებაში ამბობენ, რომ ხერსონის დატოვებისას ჯარს დანაკარგი არ განუცდია. მათივე თქმით, ჯარის გაყვანა ხერსონიდან დღეს, დილის 05:00 საათზე დასრულდა.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.