logo
ENG



ფულის გათეთრების რუსული სქემა და საქართველო, როგორც სავალუტო ჯიხური - შაბათის ფორმულა

12 ნოე 202220:20
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში საქართველოში ფულის გათეთრების რუსული სქემა გაშიფრა. ამასთან, შაბათის ფორმულამ გადაიღო კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ და ვისი დახმარებით იღებს ფულად გზავნილს რუსეთის მოქალაქე.

ამ სქემის გასაშიფრად შაბათის ფორმულამ 2-დღიანი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა და რიკო კრედიტის რამდენიმე ფილიალთან მივიდა.

რუსეთში დაწესებული სანქციების გამო რუსეთის მოქალაქეებს რუბლის გადახურდავება საერთაშორისო ვალუტაში აღარ შეუძლიათ, ამიტომაც მათ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს გამოყენებით ალტერნატიული გზა აქვთ მოფიქრებული.

სქემა შემდეგნაირად მუშაობს: რუსეთის მოქალაქეები ფულად გზავნილს ანუ რუბლს საქართველოში აგზავნია; თანხის კონვერტაცია აქ დოლარში ან ევროში ხდება, თუმცა ფული საქართველოში არ რჩება, მალევე გადახურდავებული თანხა ისევ რუსეთში იგზავნება, თუმცა უკვე ნაღდი ფულით - ან ავტომობილით ან თვითმფრინავით. სქემაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეებიც და ამ მომსახურებაში დაახლოებით 100 ლარს იღებენ.

წყარო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო კრედიტიდან შაბათის ფორმულას უყვება, რომ თითო გზავნილის მაქსიმალური ლიმიტი 2 000 დოლარია, რუსეთის მოქალაქეები ამ სქემაში ქართველებს იყენებენ, იმისთვის, რომ რუბლის დოლარში კონვერტაცია ულიმიტოდ შეძლონ. გამოგზავნილი თანხა საქართველოს მოქალაქეების სახელზე იგზავნება, ქართველები კი რუსებს უბრუნებენ.

ოფიციალური მონაცემებით რუსეთი საქართველოში გზავნილების რაოდენობით პირველ ადგილზეა. ოქტომბრის ბოლოს, რუსეთიდან მიღებულმა თანხამ 174 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც გასულ წელთან შედარებით 351%-ით მეტია.


close დახურვა