logo
ENG



სანქციები ოლიგარქ ივანიშვილს, პოლიტიკური დევნის დასრულება - EPP-ის რეზოლუცია საქართველოზე

18 ნოე 202217:45
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მიიღო რეზოლუცია, "საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური დევნის შესახებ" რომლითაც ევროკავშირსა და აშშ-ს ივანიშვილის სანქცირებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი პოლიტიკური პატიმრების მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

EPP საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ხალხის ნების შესაბამისად ქვეყანა ევროპულ გზაზე დააბრუნოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების განხორციელებისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით და აუცილებელი რეფორმების დანერგვით.

„მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს მკაფიოდ გაემიჯნონ და დაგმონ სიძულვილის რიტორიკა და ცრუ ინფორმაცია, რომელსაც მმართველი უმრავლესობა უწყობს ხელს და მიმართულია ევროკავშირისა და აშშ-ის წინააღმდეგ, მათ ბრალს სდებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ვაჭრობასა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მეორე ფრონტის გახსნაში“ – წერია რეზოლუციაში.

ევროპის სახალხო პარტია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის პოლიტიკური დევნა - გაათავისუფლოს ციხიდან მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია და უზრუნველყოს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის მიზნით სხვა ქვეყანაში გადაყვანა.

EPP ევროკავშირსა და აშშ-ს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟში მისი როლის გამო“ მოუწოდებს.

„ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ევროკავშირსა და დემოკრატიულ პარტნიორებს დაუწესონ პერსონალური სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟში მისი როლისთვის და საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნისთვის“ - წერია რეზოლუციაში.

ევროპის სახალხო პარტიის თქმით, ამ რეზოლუციას იღებენ იმ ფონზე, როცა ქართველი ხალხი ქვეყნის ევროინტეგრაციის ახალ საფეხურზე გადასვლას ელოდება, რაც მისი მშვიდობიანი, დემოკრატიული, უსაფრთხო და აყვავებულ მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება.

პარტია აცხადებს, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მათ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იხილეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული იმ 12 რეკომენდაციის უგულებელყოფა, რაზეც დამოკიდებულია მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

EPP-ის თქმით, საქართველოში გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა ქართულ ციხეში და მას არ აქვს ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე წვდომა.

სახალხო პარტია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას საქმეში „მხოლოდ ამძაფრებს საქართველოს დემოკრატიულ რეგრესს და რუსეთის გავლენას ქვეყანაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობისა და შემდგომში საქართველოში სახელმწიფოს ხელში ჩაგდების შედეგია“.

პარტიის რეზოლუციაში წერია, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დამანგრეველ როლზე საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის გამყარებაში, ხელისუფლების ხელში ჩაგდებასა და საქართველოს მთავრობასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობაში.

ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირში ყველაზე დიდი პარტიაა და მოიცავს 81 პარტიას, პარტნიორებს 43 ქვეყნიდან, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკავშირის 8 ქვეყნის და ბლოკის მიღმა 3 ქვეყნის ხელისუფლების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის 9 წევრსა და ევროპარლამენტის უდიდეს ჯგუფს.


close დახურვა