სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა არ მიუღიათ და "ყველას მოუწოდებენ, ამ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ".
უწყების თქმით, სააკაშვილი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა და სამედიცინო ღონისძიებები უტარდება.
„საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას, გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ” - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 19 ნოემბერს ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტები მიუთითებენ რომ ის მოწამლულია.
გელბახიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება იძლევა ამის თქმის საფუძველს ვინაიდან სხვა დაავადებები ამგვარად არ განვითარდებოდა.
მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ასევე განაცხადა ჟურნალისტებთან რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. მისი თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში ნივთიერება მხოლოდ ხელოვნურად შეიძლებოდა მოხვედრილიყო, თუმცა უცნობია რა გზით.