logo
ENG



პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ რუსმა პრანკერებმა მაკრონის სახელით დუდას დაურეკეს

23 ნოე 202208:44
3 წუთის საკითხავი
clock 640
2022/11/23/17k8ujinr2575vw.jpg

პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ რუსმა პრანკერებმა მაკრონის სახელით პრეზიდენტ ანდჟეი დუდას დაურეკეს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც YouTube-ზე საუბრის ვიდეო გამოჩნდა. საუბრის ავთენტურობა დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმაც.

7,5-წუთიან საუბარში, რომლის ვიდეოც რუსმა ბლოგერებმა ვოვანოვმა და ლეკსუსმა განათავსეს, ისმის როგორ ესაუბრება დუდა ინგლისურად პირს, რომელიც მას მაკრონად გაეცნო და ფრანგული აქცენტით ცდილობს ლაპარაკს.

როგორც Reuters წერს, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსმა პრანკერებმა დუდას დაურეკეს.

"ემანუელ დამიჯერე, ძალიან ფრთხილი ვარ. არ მინდა რუსეთთან ომი და დამიჯერეთ, ძალიან ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ვარ", - ამბობს დუდა სატელეფონო საუბრისას.

დუდას ოფისმა ტვიტერზე დაწერა: "პშევოდოვში რაკეტების აფეთქების შემდეგ, სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების უწყვეტი ზარების დროს დაკავშირება მოახერხა პირმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია.

ზარის დროს პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საუბრის წარმართვის უცნაური მანერის გამო მიხვდა, რომ ეს შესაძლოა ხუმრობა ყოფილიყო და საუბარი შეწყვიტა".

დუდას ოფისმა გაარკვია, როგორ შეძლეს რუსმა ბლოგერებმა დაკავშირება.

ვოვანმა და ლეკსუსმა დუდას 2020 წელსაც დაურეკეს და გაეროს გენერალურ მდივნად გაეცნენ. წარსულში ისინი მოტყუებით დაუკავშირდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, მომღერალ ელტონ ჯონს, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს და სხვებს.

როგორც Meduza წერს, პრანკერებს FSB-სთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, თუმცა ისინი უარყოფენ. 


close დახურვა