logo
ENG



მდინარაძის თქმით, ოცნება ოპოზიციასთან ომბუდსმენობის 8 კანდიდატზე გააგრძელებს კონსულტაციებს

28 ნოე 202220:30
3 წუთის საკითხავი
clock 609
მდინარაძის თქმით, ოცნება ოპოზიციასთან ომბუდსმენობის 8 კანდიდატზე გააგრძელებს კონსულტაციებს
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან ომბუდსმენობის 8 კანდიდატზე გააგრძელებს კონსულტაციებს.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ თქვა, რომ 19 კანდიდატიდან 3-მა კანდიდატურა მოხსნა, ერთი არ გამოცხადდა, 7-ზე კონსულტაციების გაგრძელება კი "არარელევანტურია".

"რჩება 8 კანდიდატი, რომელზეც უმრავლესობა გააგრძელებს ოპოზიციასთან კონსულტაციებს. უმრავლესობის გადაწყვეტილებითვე, შემიძლია დღეს მათი სახელები და გვარები გაგაცნოთ. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია. საზოგადოებას დამატებით უნდა განვუმარტოთ, რომ ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის არის მისაღები, მაგრამ გამორიცხვის მეთოდით მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ, ამ 8 კანდიდატზე გავაგრძელებთ ოპოზიციასთან კონსულტაციებს"- თქვა მდინარაძემ.

***

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.

სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. 

ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.

15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.


close დახურვა