logo
ENG



კობახიძე: როცა ჩვენ მოვედით, თბილისში 250 ათასი მანქანა დადიოდა, ახლა 600 ათასს აღემატება

01 დეკ 202215:12
3 წუთის საკითხავი
clock 733
კობახიძე: როცა ჩვენ მოვედით, თბილისში 250 ათასი მანქანა დადიოდა, ახლა 600 ათასს აღემატება
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში არსებული "ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 3 მილიონ 700 ათას ადამიანზე, სამწუხაროდ, თანაბრად ვერ გავრცელდება, თუმცა ვრცელდება საკმაოდ დიდ სეგმენტზე".

კობახიძემ "ოცნების მიღწევებზე" ისაუბრა და ირწმუნებოდა, რომ მათი ხელისუფლების პირობებში 400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე. მისი თქმით, სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2030 წელს 15 ათასს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ "საქართველო წავა სიღარიბის განულებისკენ".

"ზედიზედ ორი წელი გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან იყო 10.5%, წელს გვაქვს 10%, რაც აღემატება იმას, რაც თავიდან იყო პროგნოზირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ შარშან წლის დასაწყისში თუ იყო 4 250 დოლარი ქვეყნის ეკონომიკა, ამ წლის ბოლოს გახდება 7 800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, ეს კონკრეტული მონაცემებია, რაც მათემატიკური სიზუსტით დამტკიცებულია. ეს ზრდა თანაბრად ყველა მოსახლეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემები გვაქვს აქაც.

სულ რაღაც 3-4 წლის წინ, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 850 ათასი ადამიანი, ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 ათასზე ნაკლები, ანუ 400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში, ეს მსოფლიო ბანკის მონაცემები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას შეეხო, რადგან 450 ადამიანი ისევ არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც ძალიან მძიმეა და აქეთკენ უნდა გავაგრძელოთ სვლა, რომ ეს განულდეს, შემცირდეს და სავალუტო ფონდის პროგნოზი რაც არის, რომ 10 ათას დოლარს გადასცდება 2027 წელს ჩვენი ეკონომიკა და 15 ათასს მიაღწევს 2030 წელს ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივდივართ სიღარიბის განულებისკენ, მაგრამ ამას დასჭირდება კიდევ წლები. 3-4 წელი დასჭირდა იმას, რომ განახევრებულიყო და რამდენიმე წელი კიდევ დასჭირდება იმას, რომ სიღარიბე განულდეს ჩვენს ქვეყანაში", - თქვა კობახიძემ.

ასევე, კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდა იმითაც გამოიხატება, რომ "ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს თბილისში 250 ათასი მანქანა დადიოდა, წელს კი მათი რაოდენობა 600 ათასს აღემატება".

"მაგალითად, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა, შეიძლება მცირეოდენი შეცდომა მომივიდეს, მაგრამ ბევრი არ იქნება, დაახლოებით 250 ათასი მანქანა, წელს უკვე 600 ათასს აღემატება. ხარისხიც არის გაუმჯობესებული მანქანების და რაოდენობაც არის გაზრდილი. მილიონი ადამიანი ცხოვრობდა თბილისში, ახლაც ცხოვრობს მილიონი, მაგრამ ჰყავდათ 250 ათასს მანქანა და ახლა ჰყავთ 600 ათასი მანქანა - საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე. შენდება ახალი სახლები და ახალ ბინებს ყიდულობენ ადამიანები და ამ შემთხვევაშიც, 80% მინიმუმ საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება და არა უცხოელებზე. ეს საიდან მოდის? ახალი ბინა ჩნდება და ახალი მეპატრონე ჩნდება - ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან", - აღნიშნა კობახიძემ.


close დახურვა