logo
ENG



საქსტატი: 2021–22 წელს სწავლა 8 846 მოსწავლემ შეწყვიტა, წინა წელთან შედარებით 25.5%-ით მეტმა

01 დეკ 202219:31
3 წუთის საკითხავი
clock 513
საქსტატი: 2021–22 წელს სწავლა 8 846 მოსწავლემ შეწყვიტა, წინა წელთან შედარებით 25.5%-ით მეტმა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021–2022 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 8 846 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 25.5%-ით აღემატება.

საქსტატის ცნობით, იმ მოსწავლეთა შორის ვინც სწავლა შეწყვიტეს 42.6% გოგოა, 57.4% კი ბიჭი. ყველაზე მეტმა მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასში შეწყვიტა.

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 1-ლ დეკემბერს გამოაქვეყნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები.

საქსტატის ცნობით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 სკოლა იყო, მათგან 2 086 საჯარო, 216 კი კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

საქსტატის ინფორმაციით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4%-ით აღემატება.

მოსწავლეთა 89.9% საჯარო სკოლებში სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.1% გოგოა, 51.9% - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე -35.4% თბილისში სწავლობს.

2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3 %-ით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5 % -ით მეტია, ხოლო საბაზო განათლება - 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4%-ით ჩამორჩება.

2022/2023 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 172 217 მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.3 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 296 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. მასწავლებელთა  87.4% ქალია, 12.6% კი კაცი.


close დახურვა