logo
ENG



Reuters: EU-მ რუსულ ნავთობზე ზღვრის, ბარელზე $60-ის დაწესებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია

01 დეკ 202223:03
3 წუთის საკითხავი
clock 287
2022/12/01/n7dfebd37aopcp6.jpg
Dado Ruvic / Reuters

გამოცემა Reuters წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ საზღვაო ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის, 1 ბარელზე $60-ის დაწესებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

ევროპელი დიპლომატი გამოცემას უყვება, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები დაეთანხმნენ დიდი შვიდეულის იდეას ფასის ფიქსირებულ ზღვართან დაკავშირებით და ასევე შეიმუშავეს მაკორექტირებელი მექანიზმიც, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსული ნავთობისთვის ფასის ზედა ზღვარი საბაზრო ფასზე 5%-ით ნაკლები იქნება. დიპლომატის თქმით, ფასების ზღვრის დონეს ყოველ 2 თვეში ხელახლა განიხილავენ. 

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შეთანხმებისთვის მხარი ჯერ არ დაუჭერია პოლონეთს, რომელსაც დრო ხვალამდე აქვს. პოლონეთის თანხმობის შემთხვევაში კი 2 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს წერილობითი პროცედურით დაუწესებენ.

გამოცემის ცნობით, პოლონელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ახლა ვარშავასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

"ფასის ზედა ზღვარი დაწესდა 60 დოლარზე, იმ პირობით, რომ ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებზე დაყრდნობით,რუსული ნედლი ნავთობის ფასი საბაზრო ფასზე 5%-ით დაბალი იქნება“ - თქვა ევროკავშირის დიპლომატმა.

პოლონეთს ცენტრალური ევროპის დროით 16:00 საათამდე აქვს დრო დათანხმებისთვის. თუ ასე მოიქცევა, ხვალამდე იქნება წერილობითი პროცედურა [ფასის ზედა ზღვრის] მიღებისთვის“ - აცხადებს წყარო Reuters-თან

გასულ კვირას დიდმა შვიდეულმა განაცხადა, რომ რუსეთულ ნავთობზე ზედა ფასის ზღვარს, ბარელზე 65-70 დოლარს განიხილავდა.

პოლონეთმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა უარი თქვეს ამ ფასზე ვინაიდან, მათი აზრით ეს ვერ უზრუნველყოფდა მთავარი მიზნის - მოსკოვისთვის უკრაინაში ომისთვის საჭირო ფინანსების წყაროს შეწყვეტას.

Reuters-ის წყარო აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ $60-ის ფასის ზღვრის დაწესებას დაეთანხმა ლიეტუვა და ესტონეთიც. დღევანდელი მონაცემებით რუსეთის ურალის 1 ბარელი ნავთობის ფასი 70.3 დოლარია.

5 ნოემბერს დიდი შვიდეულის ქვეყნები და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ. დიდი შვიდეულის რუსეთის საზღვაო ნავთობის ფასის ზღვარი ამოქმედდება 5 დეკემბერს და რუსული საზღვაო ნავთობის ყიდვის შესახებ ევროკავშირის მკაცრ აკრძალვას ჩაანაცვლებს. ამის მიზანი ნავთობის გლობალური მიწოდების დაცვაა, ვინაიდან რუსეთი აწარმოებს მსოფლიო ნავთობის 10%-ს.

დიდი შვიდეულის წარდგენილი ზღვრის მიზანია, გადამზიდავ და სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალოთ რუსული ნედლი ნავთობის გადატანა მთელს მსოფლიოში, თუ ის არ გაიყიდება G7-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დადგენილზე ნაკლებ ფასად.

ვინაიდან მსოფლიო სატრანსპორტო და სადაზღვევო კომპანიების უდიდესი ნაწილი დიდი შვიდეულის ქვეყნებშია თავმოყრილი, ფასების ზღვარი მოსკოვს  გაურთულებს ნავთობის უფრო მაღალ ფასად გაყიდვას გაურთულებს.


close დახურვა