logo
ENG



შემოსავლები: ჩეხეთიდან შემოტანილი საქონლის რუსეთში გატანის შესახებ ინფორმაცია ყალბია

02 დეკ 202217:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/02/evym80qthjq3i1b.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შემოსავლების სამსახურის თქმით, საქონლის იმპორტი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, გაზრდილია, თუმცა მისი დიდი წილი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებსა და სხვა პროდუქტებზე მოდის და ამ ტიპის საქონელი ადგილზე მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.

"ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე, ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის" - წერს სამსახური. 

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საქართველო განუხრელად ითვალისწინებს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მხრიდან რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებსა და შეზღუდვებს.

„ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს.

შესაბამისად, დასახელებული სანქციების მოქმედების პერიოდში, ევროკავშირში (მ.შ. ჩეხეთის რესპუბლიკაში) წარმოებული საქონლის რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ჩეხეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დანიშნულებით გადაადგილებაზე უარის ასეულობით შემთხვევაა” - წერია განცხადებაში.

უწყების თქმით, "გასაკვირი და გაუგებარია" ჩეხეთის ელჩის მხრიდან „გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და "ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ ეჭვის შეტანა".

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ამ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა.

სამსახურის ცნობით, დიპლომატებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე დეტალურად გასცნობოდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს. 

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, მუდმივ კოორდინაციაში არიან პარტნიორ ქვეყნებთან და ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში ხდება.

"შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა" - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

უწყება აცხადებს, რომ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც, მათი თქმით, "სამწუხაროდ, არ მომხდარა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის მხრიდან".

„კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან” - წერია განცხადებაში.

2022 წლის 10 თვეში ჩეხეთიდან საქართველოში 126 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ჯამურ მონაცემსაც ($99.8 მილიონი) აჭარბებს. ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 78 მილიონ დოლარს 1.6-ჯერ აღემატება.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე პასუხად თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური რეაგირება ექნება.

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი მისი განცხადებაა, რომელიც მედიაში გუშინ გავრცელდა.

 


close დახურვა