logo
ENG



მდინარაძე კასიანოვის განცხადებაზე: იარაღის მოლოდინი არ აქვთ, უნდათ, ომში მხარედ გამოვიდეთ

06 დეკ 202215:11
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე კასიანოვის განცხადებაზე: იარაღის მოლოდინი არ აქვთ, უნდათ, ომში მხარედ გამოვიდეთ
ვახო ქარელი/ფორმულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "უკრაინას უნდა, რომ მიმდინარე ომში საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე".

ანდრი კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "ომის დაწყებიდან, უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიუღიათ პასუხი".

მდინარაძის თქმით, კასიანოვის განცხადების მიზანია "დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება". მან აღნიშნა, რომ "რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესში ვერ არის, არ არის და შეინარჩუნებენ მშვიდობას".

"კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და პირდაპირ ვიტყვი, იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირი მიზანი ჩანდა, რადგან მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულადაც კი უდგებოდა ამ საკითხს. მათ უნდათ და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე, სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში ანუ ომში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას.

როდესაც ამბობს რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი, რომ საქართველომ უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა უკრაინას, თქვენ ხომ გესმით, რომ რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი განსაკუთრებული იარაღის თუ სამხედრო ტექნიკის მათ საქართველოს მხრიდან ობიექტურად არ გააჩნიათ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, დანარჩენი, რაც ილაპარაკა, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო, მან თქვა მთავარი სათქმელი, მიზანი იყო ამისა, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს მხარედ, მაშინ როდესაც საქართველო 30 000-ზე მეტ დევნილს იფარებს, უწევს უდიდესს და პირველი ნომერი იყო საქართველო, ყველანი ვამაყობდით, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, არის 400-ზე მეტი დოკუმენტის მხარდამჭერი თუ თანაავტორი და მათ შორის, იმ დოკუმენტების მხარდამჭერია, რომელიც შეეხება ჰააგას რუსეთის წინააღმდეგ.

უნდა ვიცოდეთ ყველამ და კარგად გვესმოდეს, რომ ერთი მხრივ პოლიტიკური მხარდაჭერას სრულად და აბსოლუტურს უცხადებს უკრაინას, მეორე - ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს თავისი შესაძლებლობების ფარგლებსა და ზღვარზე ზემოთ და სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს, რადგან ვერ დაფიქსირდება ოკუპირებული ქვეყანა, ნომერ პირველი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა ვერ დაფიქსირდება სამხედრო მხარდამჭერად იქიდან გამომდინარე, რომ ის კონფლიქტის მხარედ ამ ომში ვერ დაფიქსირდება. ეს მარტივი მოცემულობაა და მიზანი მეორე მხრიდან, სამწუხაროდ და მხოლოდ კასიანოვისგან არ გაგვიგია, გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, უკრაინელები, რომ უნდა შევისეირნოთ სოხუმში, გავუწიოთ სამხედრო მხარდაჭერა, რომ უნდა ჩაერთოს საქართველო ომში, პირდაპირ ამბობდნენ ამას", - თქვა მდინარაძემ.

აქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ "მრავალი თხოვნის მიუხედავად, საქართველოსგან არ მიუღიათ პასუხი იარაღის მიწოდებაზე". ასევე, კასიანოვის თქმით, მათ საქართველოს მთავრობას " ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში დახმარებისთვისაც მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიიღეს".


close დახურვა