logo
ENG



პროტესტის შემდეგ ჩინეთი კარანტინისა და ლოქდაუნის ზომებს ამსუბუქებს

07 დეკ 202210:55
3 წუთის საკითხავი
clock 534
2022/12/07/6jq3jc5ibg7ipd0.jpg

მასობრივი პროტესტის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებაში კარანტინისა და ლოქდაუნის წესების შემსუბუქებაზე ალაპარაკდნენ.

ჩინეთი აცხადებს, რომ უსიმპტომოებსა ან კოვიდის მსუბუქი სიმპტომების მქონე პირებს კარანტინის გატარება სახლში და არა სახელმწიფო დაწესებულებებში შეუძლიათ. ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის პირობებში აღნიშნული გადაწყვეტილება ზომების მნიშვნელოვანი შემსუბუქებაა.

გარდა ამისა, ქვეყანაში გაუქმდა სავალდებულო PCR-ტესტირება ბევრი საზოგადოებრივი დაწესებულებისთვის, საავადმყოფოებისა და სკოლების გარდა.

წესების შეცვლა მოხდა ერთი კვირის თავზე მას შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით პანდემიის კონტროლის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტი დაიწყო. საპროტესტო აქციები ზოგიერთ ადგილას ასევე გადაიზარდა პრეზიდენტის სი ძინპინისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირდაპირ კრიტიკაში. დაუმორჩილებლობის საკმაოდ იშვიათი გამოვლინებაა, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის შეუწყნარებლობას პოლიტიკური განსხვავებული აზრის მიმართ.

ცენტრალიზებული კარანტინი არაპოპულარული იყო მოსახლეობაში. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა კადრები, რომლებში ჩანდა, რომ ადამიანები ძალით გამოჰყავდათ საკუთარი სახლებიდან. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კი გახდა ვიდეო, რომელშიც კაცი წინააღმდეგობას უწევს მის წასაყვანად მოსულ სამართალდამცავებს.

ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ამოქმედდება ახალი წესები, რომლებიც რიგ ზომებს გააუქმებს. მაგალითად, აღარ ჩაიკეტება რაიონები და ქალაქები და ლოქდაუნი კონკრეტულ შენობებს, ობიექტებსა და სართულებს შეეხებათ. მაღალი რისკის ზონები კარანტინიდან ხუთ დღეში გამოვლენ, თუ ამ ხნის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდება. სკოლები ღია დარჩება, თუ ვირუსის მასშტაბური გამოვლინება არ დაფიქსირდება. ასევე, იკრძალება სახანძრო გასასვლელებისა და კარების ჩაკეტვა. ამასთან, ნათქვამია, რომ მოქალაქეებს პანდემიის კონტროლის ზომების გარეშე უნდა ჰქონდეთ წვდომა გადაუდებელ სასწრაფო დახმარებასა და საევაკუაციო გასასვლელებზე.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ ადამიანები საკუთარ სახლებში იყვნენ ჩაკეტილები და შენობები დალუქული იყო. პროტესტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კი გახდა სინძიანის რეგიონის ხანძარი - აცხადებენ, რომ ხანძრის დროს დაღუპულებმა ვერ შეძლეს შენობის დატოვება ლოქდაუნის გამო, თუმცა პეკინი ამას უარყოფს. ასევე იყო არაერთი შეტყობინება იმის შესახებ, რომ ჩაკეტილ რაიონებში ადამიანები გადაუდებელ დახმარებას ვერ იღებდნენ.


close დახურვა