logo
ENG



ხაჭაპურიძე: ექსპერტმა გეჯაძემ მითხრა, ლაშქარავაზე ის დასკვნა დავდეო, რაც შსს-ს აწყობდა

22 დეკ 202212:01
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის ჩართვა გამორიცხულია.

ადვოკატის განმარტებით, გეჯაძემ მასთან საუბარში თქვა, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, დასკვნაში იმას დაწერს, რასაც "შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკავენ".

ამაზე ადვოკატმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი და გეჯაძის დიალოგის ფარული ჩანაწერები არსებობს, სადაც ექსპერტი ასევე ადასტურებს, რომ ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმის ექსპერტიზაშიც ის დასკვნა დაიდო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს "აწყობდა".

ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე, დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ჩართული ალექსანდრე გეჯაძე ეთანხმებოდა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომ ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

"რაც შეეხება ბატონ გეჯაძეს - მასთან მე არაერთხელ მქონდა შეხვედრა, მსურდა იგი ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით მან ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც დაურეკავენ. ამიტომ მითხრა "შალვა დიდი ბოდიში, პატივს გცემ, წლებია ვთანამშრომლობთ და არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე ტვ პირველის ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს".

აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია, დარწმუნებული ვარ გეჯაძე დაადასტურებს, თუ არადა ჩვენ გაგვაჩნია ფარული ჩანაწერები. მე გეჯაძე ჩავწერე, როდესაც ამას მელაპარაკებოდა და მოგვიწევს მოვისმინოთ ტელევიზიით, რა თქვა გეჯაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით. ზედმეტ სახელად შეარქვა ჩიტი. ტელეფონზე დამირეკავს, ჩიტის საქმე როგორ არის, სიამოვნებით მივიღებდი მეც ჩიტის საქმეში, კარგად გადამიხდიდნენ, უბრალოდ უბედურება იმაშია, რომ დამირეკავს შსს და დავწერ იმას, რასაც მეტყვიან"- თქვა ხაჭაპურიძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სამსახური "სიმულაციის დასადგენად" მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო ვივამედში გადაღებულ კადრებზე, რომლებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ. ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზრვარგარეთ მკურნალობა სჭრიდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მესამე პრეზიდენტი 7-თვიანი პაუზის შემდეგ პროცესს დისტანციურად ესწრება.


close დახურვა