logo
ENG



ექიმების მოთხოვნით, ანი წითლიძე შიმშილობას წყვეტს

26 დეკ 202218:54
3 წუთის საკითხავი
clock 765

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანი წითლიძე ექიმების მოთხოვნით შიმშილობას წყვეტს.

როგორც მისმა ექიმმა განაცხადა, შიმშილობის მე-12 დღეს წითლიძის მდგომარეობა "უკიდურესად მძიმეა". 

მისივე თქმით, წითლიძე რამდენიმე დღე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მისი სხეულის მასა არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია არტერიული წნევის მაჩვენებელი, შესაბამისად ქალბატონი წყვეტს დღეს შიმშილობას ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით"-ამბობს ექიმი.

"მე რა თქმა უნდა, არ მქონდა პირველი დღიდან იმის იმედი, რომ ეს ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება რამეს იზამდა და ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე და იმ ბოღმაზე, რომელსაც ცდილობს ხელისუფლება, რომ ამ 10 წლის განმავლობაში იკვებოს და იმ სიძულვილის მორევში, რაშიც გვითრევენ, ვერ გადარჩება ვერავინ. არის ზღვარი, სადაც ეს სიძულვილი უნდა გაჩერდეს. მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან და მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი - ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით იმიტომ, რომ სიძულვილი არ არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ"- თქვა ანი წითლიძემ.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ანი წითლიძე მე-12 დღეა შიმშილობს. მან ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყო. მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა, დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელაკადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.

გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება


close დახურვა