ბელგიის პოლიცია ამ ეტაპზე ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას არ ადასტურებს. ამის შესახებ ფორმულა საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ლიზა ქისტაური უკვე რამდენიმე წელია ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. 5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა მოკლეს და დედას ცხედრის ფოტოები გაუგზავნეს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა, იზა არღვლიანი ცხედრის ამოსაცნობად პოლიციაში დაიბარეს.
იზა არღვლიანმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ შვილის გარდაცვალებას არ ადასტურებდა.
ბელგიაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ლიზა ქისტაურს იცნობენ, სოციალურ ქსელში წერენ, რომ ოჯახი ქალის გარდაცვალებას არ ადასტურებს. თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმულას 5 იანვარს განუცხადეს, რომ საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან და არკვევს სიტუაციას.