logo
ENG



კალაძე: ივანიშვილის ფონდის გადაწყვეტილებით, ლაგუნა ვერეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცემა

19 იან 202314:24
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქართუ ბანკი ლაგუნა ვერეს ტერიტორიას მუნიციპალიტეტს გადასცემს.

ჟურნალისტებმა კალაძეს აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენებაზე ჰკითხეს, რაზეც კალაძემ თქვა, რომ "ტერიტორია ისე განვითარება, რომ ძველი სივრცე არ დაინგრევა".

"მინდა ხაზი გავუსვა, საზოგადოებისთვის, რომ იყოს ნათელი - რაც შეეხება ლაგუნა ვერეს ტერიტორიას, ბიძინა ივანიშვილის ფონდის გადაწყვეტილებით, ეს სივრცე გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება აბრეშუმის შენობის ტერიტორიას, მოხდება მისი განვითარება ისე, რომ არ მოხდეს არსებული სივრცის დანგრევა და ახალი ძველის შერწყმით განხორციელდება პროექტი. ჯერ წარმოდგენილია გეგმარებითი დავალება და დანარჩენ ეტაპებზე, თუ რა ინფორმაცია გვექნება, გეტყვით შემდეგ"- ამბობს კალაძე.

გუშინ, 18 იანვარს, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება.

"65 სართულიანი კომპლექსი, ჯამურად 155 588 კვ.მ საცხოვრებელი და კომერციული ფართობი, ქართუს საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას - ეს ყველაფერი გმირთა მოედანზე (სატრანსპორტო კვლევის ფაილი არ იხსნება, იმედია არსებობს და როცა გაიხსნება, ვნახავთ რა გველის)"- წერს აბესაძე.


close დახურვა