ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - რომლითაც ხელისუფლება ყოველ დღიურად თავს იწონებს, საქართველოს მოქალაქეების რეალობას ვერ ცვლის - ბოლო 10 წელიწადში, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტი ზუსტად 3-ჯერ გაიზარდა და 2023 წელს, 24 მილიარდი ლარი შეადგინა- ბიუჯეტის ამ პარამეტრების სწორად გადანაწილების შემთხვევაში, ახლა, პენსიონერების, მასწავლებლების, ექიმების, ჯარისკაცების ან პოლიციის ანაზღაურებაც პროპორციულად, 3-ჯერ უნდა გაზრდილიყო, თუმცა საბიუჯეტო თანხას, რომელიც ჩვენი, გადასახადის გადამხდელების ფულია, ქართული ოცნება სულ სხვა სქემით ხარჯავს. ფაქტია, რომ სამჯერ გაზრდილი ბიუჯეტიდან, ხელისუფლებამ, სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის, ან პედაგოგებისთვის, მხოლოდ მიზერული თანხა გაიმეტა, უფრო დიდი ნაწილი, მმართველ პარტიას, ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის გარანტიებისთვის სჭირდება. საბიუჯეტო ფულის დიდ ნაწილს, მმართველი პარტია სწორედ საკუთარ ერთგულ მსახურებს უყოფს. სამჯერ გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე იზრდება სიპების, აიპების დაფინანსება, მინისტრების და მათი მოადგილეების ხელფასები და პრემიები. იზრდება კოორდინატორების რაოდენობაც, რომლებიც არჩევნებზე, ისევ მმართველი პარტიას ემსახურებიან. შაბათის ფორმულამ შეისწავლა ბიუჯეტის პარამეტრები და ხარჯები - 3 ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, როგორ აისახება ჩვენს მოქალაქეებზე?
