logo
ENG



მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა მიესაჯა

23 იან 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock 1045

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი ბეროზაშვილს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

28 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაზისუბანში კაცმა მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა.

უწყების ინფორმაციით, 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში მდებარე ბინაში ხანძარი იყო. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მათ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა ბინაში მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

"კაცმა ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნავდა უწყება.

გამოძიება 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა