logo
ENG



ფორმულას დამფუძნებლის საქმეზე შემდეგი სხდომა 16 თებერვალს გაიმართება

24 იან 202315:41
3 წუთის საკითხავი
clock 682

ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. სასამართლომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხომაზე მიიღო, სადაც დაცვის მხარის შუამდგომლობები განიხილეს. 

ადვოკატებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ და ელიან, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს.

მოვლენების მსგავსი განვითარებისა და იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, ფორმულას შესაძლოა, ყადაღა დაემუქროს. ტელეკომპანიის დამფუძნებლების, ადვოკატებისა და მედია ექსპერტების შეფასებით, სწორედ ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანიც - ჩაახშოს დამოუკიდებელი მედიის ხმა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ კეზერაშვილის საქმის განხილვა, ფორმულას, როგორც კრიტიკული მედიის ჩახშობის მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან. იგი აღნიშნავს, რომ კეზერაშვილის საქმის ხელახალი განხილვა სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ფორმულა დააფუძნა.

2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.


close დახურვა