logo
ENG



ხაბეიშვილი: თუ საჭირო გახდა, არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის, ფიზიკურ წინააღმდეგობაში

24 იან 202323:20
3 წუთის საკითხავი
clock 631
ხაბეიშვილი: თუ საჭირო გახდა, არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის, ფიზიკურ წინააღმდეგობაში
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ყველა რაიონსა და რეგიონში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ოფისები გაიხსნება.

როგორც ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, "თუ საჭირო გახდა, არ აპირებს უკან დახევას, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში", რადგან მისივე თქმით, "რუსული რეჟიმის პირობებში, სხვანაირად არ გამოვა".

"ყველა რაიონსა და რეგიონში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ოფისები, აბსოლუტურად ყველგან. ვაპირებ, კოალიციის გაკეთებას ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ პოლიტიკოსებთან სიარულს და მესამე, მე არ ვაპირებ ადამიანები სხვადასხვა ქალაქებში ჩავიყვანო სასეირნოდ და მე არ ვაპირებ, რომ კონკრეტული ბარიკადი, რომელიც შეგვხვდება და იქნება წინააღმდეგობები, ხელები ჩამოვუშვათ და ვთქვათ, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, კანონს ვერ დავარღვევთ. ხელისუფლება უკვე კანონგარეშეა, რუსულ ოცნებას უკვე გამოცხადებული აქვს თავისი ღია მხარდაჭერა რუსეთისთვის, ჩვენი ევროპული პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას და გაკვირვებულები არიან, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს რუსეთს და როცა ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური და მე არ ვაპირებ, მათ შორის, ფიზიკურად დავიხიო უკან და ის ბარიკადი რაც იქნება ჩვენს წინ, არ გადავლახოთ", - თქვა ხაბეიშვილმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, "შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?", ხაბეიშვილი ამბობს, რომ "საჭიროების შემთხვევაში, ამასაც გააკეთებს".

"თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებთ. ნუ გგონიათ, რომ ამაზე ან არ წავალთ, ან არ გავაკეთებთ. აქ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ბედზე კი არ არის საუბარი, საუბარია ჩვენი ქვეყნის მომავალზეც. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ, ევროკავშირში არ ელოდებიან და ასევე, ევროკავშირში თუ გვინდა შევიდეთ, ბიძინა ივანიშვილის პირობებში, რუტინული არჩევნებით, ისინი ყოველთვის დაგვამარცხებენ", - თქვა ხაბეიშვილმა. 


close დახურვა