logo
ENG



გიორგი შარვაშიძე სომხეთში ელჩად დაინიშნა

25 იან 202312:03
3 წუთის საკითხავი
clock 639
2023/01/25/4fkcna2es7seh4f.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიორგი შარვაშიძე სომხეთში ელჩად დაინიშნა. შარვაშიძის ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ფორმულა დეკემბრის ბოლოს ავრცელებდა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა.

გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ. აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2016 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004 – 2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად.

გასული წლის 7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შარვაშიძე თსუ-ის რექტორის თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. შარვაშიძე რექტორად 2016 წელს დაინიშნა, მეორე ვადით კი ის 2020 წელს აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2024 წლამდე უნდა ყოფილიყო.

რექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს შარვაშიძე სკანდალში გაეხვა. "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მან საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა. თავად შარვაშიძემ კი ფაქტი კატეგორიულად უარყო. 


close დახურვა