logo
ENG



ალასანია სააკაშვილზე: 68 კგ-ს იწონის, დაიწყო კახექსიის სწრაფი პროცესი, ჩამოიშალა ორგანიზმი

26 იან 202313:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/26/ra8hnbs27vko4r9.png

გიული ალასანიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას აგრძელებს და "კახექსიის "შეუქცევადი პროცესი" იწყება.

როგორც მან შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი 68 კილოგრამს იწონის და მისი ორგანიზმი ჩამოშლილია.

"ადამიანს ჰქონდა 120 კილოგრამი წონა, დღეს არის 68 და რაღაც გრამები... ესე იგი, დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი, რასაც ექიმები გულისხმობდნენ, როცა ექსპერტებმა დიაგნოზი დასვეს. მათ თქვეს, რომ დაიწყებოდა ძალიან სწრაფი პროცესი და დაიწყო ეს პროცესი. ორგანიზმი ჩამოიშალა მთლიანად. თუ ეს არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი, მაშინ არ ვიცი, მძიმე ავადმყოფი როგორია"- ამბობს ალასანია.

ამასთან, ის ფიქრობს, რომ ვივამედის ექიმებზე ზეწოლას ახორციელებენ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვინ ახორციელებს ზეწოლას ექიმებზე, ალასანიამ უპასუხა: "ყველა ტყუის თავიდან ბოლომდე... ვინ ახდენს? აქ ჩვენ ვიცით, რომ ერთი ადამიანი იღებს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს".

ჟურნალისტებმა მას სთხოვეს დაზუსტება, გულისხმობდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რაზეც ალასანიამ უპასუხა: "უშუალოდ ამათთან ვის აქვს კავშირი, მე არ ვიცი, ზოგადად ვამბობ".

სააკაშვილს 24 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

* * *

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


close დახურვა