logo
ENG



ღარიბაშვილის კახური კლანი და კორუფციული სქემა ცათამბჯენების ასაშენებლად - შაბათის ფორმულა

28 იან 202322:32
3 წუთის საკითხავი
clock 1090

ირაკლი ღარიბაშვილის ე.წ. კახური კლანი - პრემიერის სანათესავოს ახალ ბიზნეს პროექტს, შაბათის ფორმულამ, თბილისი ცენტრში მიაკვლია. უნივერსიტეტის ქუცაზე, 25-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დაწყებულია, თან ისე, რომ სამშენებლო ნებართვა ამ დრომდე არ არსებობს.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კვალის დაფარვის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ნათესავმა, გიორგი ზედელაშვილმა, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან, ირაკლი შიხიაშვილთან ერთად, მშენებლობა სხვა კომპანიებზე გააფორმა. ამ კომპანიებიდან ერთ-ერთი, კი ძმები ორჯონიკიძეების საკუთრებაა.

შაბათის ფორმულამ კორუფციული სქემის ყველა დეტალი მას შემდეგ გაარკვია, რაც გადამღებმა ჯგუფმა მშენებლობაში მონაწილე კომპანიების დამფუძნებლებს მიაკითხა. სქემაში, ორი კომპანია ფიგურირებს: ერთი- შპს სუბიექტი და მისი მფლობელი- ეკა ორჯონიკიძეა, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ძმები ორჯონიკიძეებიდან ერთ ერთის შვილი, მეორე კი შპს ნინაა, რომელიც იგივე სქემაში ფიგურებს. მას ორი მესაკუთრე ჰყავს, თუმცა ორივე ფიქციური. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ სწორედ ამ კომპანიის უკან, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ნათესავი გიორგი ზედელაშვილი დგას, რომლის გვარი - დედასთან, თამარ ჯანყარაშვილთან ერთად, უკვე წლებია, კახურ კლანს და არაერთ კორუფციულ გარიგებას უკავშირდება.

თბილისის მერიას საბოლოო გადაწყვეტილება ახალი სპორტის სასახლის გვერდით ცათამბჯენების მშენებლობაზე არ მიუღია, თუმცა ადგილზე მძიმე ტექნიკა უკვე დიდი ხანია მუშაობს, მოთხრილია მრავალწლიანი ხეების ფესვები. არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე წერია, რომ პროექტს თბილისის მერთან დაკავშირებული კომპანია არქი ააშენებს, რომელსაც 25-სართულიანი კორპუსების მშენებლობა მიწის მფლობელებმა დაუკვეთეს. ტერიტორიას თბილისის მერიამ სტატუსი 2020 წელს, სწორედ მაშინ შეუცვალა, როდესაც მიწა ხელში შპს ნინამ და შპს სუბიექტმა ჩაიგდეს. თბილისის ცენტრალურ უბანში, 5 000 კვადრატული მეტრი მიწა კახა კალაძის ბრძანებით სპეციალური ზონიდან საზოგადოებრივ ზონად გადაკეთდა.

რაც შეეხება შპს-ების მფლობელებს: შპს ნინას 75%-ს ბაკურიანში მცხოვრები 67 წლის პენსიონერი ქეთევან არბოლიშვილი ფლობს. შაბათის ფორმულა დაინტერესდა რა სახსრებით აპირებს 25-სართულიანი ცათამბჯენების აშენებას პენსიონერი ქეთევან არბოლიშვილი. ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს დახვდა ქალი, რომელიც თავდაპირველად შაბათის ფორმულას არბოლიშვილის დედად გაეცნო, შემდეგ დეიდად, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ქალი თავად ქეთევან არბოლიშვილი იყო. შპს სუბიექტის 100% წილის მფლობელი ეკატერინე ორჯონიკიძე, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენების და.

მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ვაჟა ფშაველას 10 ნომერში მდებარე სანოტარო ბიუროში დამოწმებას 1996 წელს დაბადებული ლევან ზედელაშვილი ესწრებოდა, რომლის ინტერესიც იყო პროცესზე დაკვირვება. 26 წლის კაცი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის ძმისშვილია. ზედელაშვილი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს მისი ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო. სავარაუდოდ სწორედ ზედელაშვილი და კახური კლანი დგას შპს ნინას და შესაბამისად მრავალმილიონიანი პროექტის მშენებლობის უკან. ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად იკვეთება საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ფიგურაც. გიორგი ზედელაშვილს თავისი ძმისშვილი კიდევ სხვა კომპანიებში ჰყავს გაფორმებული, მათ შორისაა ნიუ ტექნოლოჯი.

შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული ინფორმაცია ღარიბაშვილის კლანს და რუსულ ფულს ამხელს, თუმცა წყარო გვიყვება, რომ ზედელაშვილისთვის, შიხიაშვილისა და ორჯონიკიძისთვის 5000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემაში თბილისის მერის პასუხისმგებლობაც იკვეთება. შპს ნინამ 2020 წელს ამირეჯიბის ქუჩაზე 1000 კვადრატულზე მეტი მიწა იყიდა და მალევე თბილისის მერიას მიმართა, რომ 5 წლის წინ მომხდარი ვერეს წყალდიდობის გამო დაზარალდნენ და იმ ადგილას მშენებლობას ვერ დაიწყებდნენ. ზედელაშვილმა და შიხიაშვილმა კალაძის უწყებას მოსთხოვეს ადგილმონაცვლეობის პრინციპით 5-ჯერ დიდი ტერიტორია უნივერსიტეტის ქუჩაზე უსასყიდლოდ მიეღოთ, რაც საბოლოოდ ასე მოხდა.


close დახურვა