logo
ENG



ხაბეიშვილი: არ ვაპირებთ ზეიმს, ვიწყებთ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად

30 იან 202314:06
3 წუთის საკითხავი
clock 617

ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, დღეიდან "იწყება რთული, მაგრამ უწყვეტი ბრძოლა რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად".

ხაბეიშვილი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებაა. მისი თქმით, "დროა, გადაერთონ მთავარ საქმეზე".

"ჩვენ არ ვაპირებთ ცხადია ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს, ზუსტად ისე, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას და ამ შრომაში არ დავიღლებით არასდროს. დღეიდან ახალი ენერგიით, შემართებით, ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქი რეჟიმის დასამარცხებლად. სწორედ ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა დღეიდან იქნება ღია ყველა ახალი ადამიანისთვის, ყველა იმ ჩვენი ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, ვისაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში.

ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ვინც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და მისი ბრძოლაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გატეხა არის შეუძლებელი. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იხდის სასჯელს რუსული ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში.

ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს დებს და ძმებს უკრაინაში და ყველამ უნდა იცოდეს, რომ უკრაინა ჩვენს გულშია. ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს. მე დღეს გიწვდით მეგობრობის ხელს, ჩემი მთავარი ამოცანაა, გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ გზაზე, უკომპრომისო ბრძოლა გველის, ამიტომ დროა, ხელები დავიკაპიწოთ და გადავერთოთ მთავარ საქმეზე.

ბიძინას და მის მარიონეტებს კი მინდა ვუთხრა, რომ მათ თავზე ნამდვილად მოიყარა შავმა ღრუბელმა თავი და ქართველი ხალხი უახლოეს პერიოდში ამ რისხვას თავს დაატეხს რუს ოლიგარქს და მის მარიონეტულ, კრიმინალურ რეჟიმს. ეს გამარჯვება ეკუთვნის სამშობლოდან დროებით გადახვეწილ ემიგრანტებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ არჩევნებში და მათი მონაწილეობა არის უდიდესი და მინდა ვუთხრა უდიდესი მადლობა და გავაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის, რომ თქვენ დაბრუნდეთ სახლებში, ოჯახებში...", - თქვა ხაბეიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი - 3,73%, ნიკა მელია - 40%, გიორგი მუმლაძე - 3.68%, ლევან ხაბეიშვილი - 52,58%.

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდა.

 


close დახურვა