logo
ENG



ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პატიმრობა კიდევ ერთ ბრალდებულს მიესაჯა

31 იან 202315:16
3 წუთის საკითხავი
clock 828
2023/01/31/42cgoh6ev4g46c6.png

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე სასამართლომ კიდევ ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უწყების ცნობით, ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის, ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.

"ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე" და "ვ" ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- ნათქვამია განცხადებაში

რაც შეეხება ბრალდებულის ოთხ თანამზრახველს, მათ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 9 იანვარს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ პატიმრობა  5 წლით და 6 თვით მიუსაჯა"- ნათქვამია განცხადებაში.

***

ხანუმ ჯეირანოვამ 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მას ნათესავები მას ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ - 2014 წლის 16 სექტემბერს ქალს თავს დაესხნენ ქმრის ნათესავები, სოფელში ჩამოატარეს და სცემეს.

ორგანიზაცია საფარის ცნობით, იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები ქალის მამის სახლში გამოიძახეს, თუმცა არც ნათესავები დააკავეს და არც ქალი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გამგებელმა ქალი ოჯახს მხოლოდ იმ ღამით გაარიდა და მომდევნო დილას დედასთან სახლში მიიყვანა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ ის გარდაცვლილი იპოვა.

2021 წლის ნოემბერში გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით. კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნები ჯეირანოვას შვილების საჩივრის განხილვის შემდეგ, რომლებიც დედის გარდაცვალების დროს 11 და 7 წლის იყვნენ.

ორგანიზაცია საფარი აღნიშნავს, რომ ხუთივე კაცი 2022 წელს, მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც გაეროს ქალთა კომიტეტმა (CEDAW) გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. კომიტეტს საფარმა ადამიანის უფლებათა ცენტრსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობით 2018 წელს მიმართა.

 


close დახურვა