logo
ENG



ბრეგაძე ზელენსკიზე: ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, შეურაცხმყოფელი განცხადებაა

01 თებ 202321:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/zspfk43rbcppp8i.jpg

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა "წარსულს ჩაბარდა".

"ამ განცხადების პასუხად შესაძლოა ითქვას ერთი რამ, რაც ვთქვით, რომ საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა, მათ შორის მაშინ საქართველოს მოქალაქის, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა, ჩაბარდა წარსულს და ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ჩვენ ყველამ, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა ამ ისტორიის, ამ მძიმე და სამარცხვინო ისტორიის ტვირთი უნდა ზიდონ, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და ამაზე ათეულობით განაჩენი არის დამდგარი. 

არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ მაქსიმალურად, ყოველთვის ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებაზე, ვინაიდან, ეს სახელმწიფო იმყოფება ომში.

რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოიტანოს, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსგავსი ტიპის განცხადებაზე მსჯელობა. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვინც არ უნდა თქვას, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება", - აცხადებს რატი ბრეგაძე.

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და მისი ფოტოები წარადგინა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩნდება კითხვები - ვის მხარეს არიან ისინი, ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.


close დახურვა