logo
ENG



ხაჭაპურიძე: ხვალ დასკვნით სიტყვებს ვიტყვით და მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას

05 თებ 202311:37
3 წუთის საკითხავი
clock 600

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალ სასამართლო პროცესზე, სადაც სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი განიხილება, დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. მისი თქმით, გადაწყვეტილებას მოსამართლე, სავარაუდოდ, ხვალვე გამოაცხადებს.

"დასკვნით სიტყვებს ვიტყვით და ამის შემდეგ, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. მასთან დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა გაყალბებული დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არავითარი მტკიცებულება. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს", - აცხადებს ადვოკატი.

ხაჭაპურიძის თქმით, განხორციელებული ზეწოლების მიუხედავად, მთავარია, მოსამართლემ საკუთარ თავში იპოვოს ძალა, გაუძლოს ამ ზეწოლას და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

პირველ თებერვალს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.

სასამართლოდან ფოტოების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩნდება კითხვები - ვის მხარეს არიან ისინი, ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს.


close დახურვა