logo
ENG



მარიკაშვილი ზურაბიშვილზე: რას აკეთებს საბჭოთა სტილის რეპრესიების წინააღმდეგ? არც არაფერს

14 თებ 202311:05
3 წუთის საკითხავი
clock 514
2023/02/14/q3sowzwek9irvs0.jpg

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ნამუშევრების წაღებაზე სალომე ზურაბიშვილის პასუხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი საბჭოთა სტილის რეპრესიების წინააღმდეგ თავად არაფერს აკეთებს, რადგან თვითონაც ამ რეპრესიული რეჟიმის ნაწილია.

"პრეზიდენტი, საბჭოთა რეპრესიებს ადარებს მის სასახლეში კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების ნიმუშების გატანის პროცესს და ფეისბუქში ვიდეოს ავრცელებს. რა არის ეს? საქართველოს პრეზიდენტის ხუმრობა? რეალობის სარკასტული აღწერა? გართობა?

თუ ხუმრობს, რა ახუმრებს. თუ სარკაზმია და ასე ფიქრობს რომ ხელისუფლებამ, რეჟიმმა როგორც ის მას უწოდებს, საბჭოთა სტილის რეპრესიები დაიწყო, თვითონ რას აკეთებს? და თუ ასეა, მისი სასახლიდან ნამუშევრების გატანა საბჭოთა სტილის რეპრესიაა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა არ არის საბჭოთა სტილის რეპრესია? მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა არ არის? და რას აკეთებს თვითონ საბჭოთა სტილის რეპრესიების წინააღმდეგ. არც არაფერს. რადგან თვითონაც ამ რეპრესიული რეჟიმის ნაწილია.

ამიტომ უფრო გართობაა ეს ყველაფერი და ხალხის დაცინვა. ფეხი-ფეხზე აქვს გადადებული და ელოდება პრეზიდენტობის ვადის გალევას. მერე წავა პარიზში და გააგრძელებს დასვენებას. მანამდე ქუბებით გაერთობა", - წერს მარიკაშვილი სოციალურ ქსელში.

4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!". მომდევნო დღეს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".

სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. 

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს. ამის შესახებ განცხადება ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხატვრის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.

11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.

სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან. მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის პროტესტის შემდეგ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სასახლეში შევიდა და ნამუშევრები წაიღო.


close დახურვა