logo
ENG



საზოგადოებრივ სივრცესა და ტრანსპორტში ვანდალიზმისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება - კანონპროექტი

15 თებ 202311:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/15/ewtqtkhskzocboq.jpeg

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი სივრცეების ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განზრახ დაზიანებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ვანდალიზმის ფაქტისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი - 500 ლარი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია გვქონდა და მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები: მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას"- თქვა კალაძემ.

დღეს მოქმედი რეგულაციით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.


close დახურვა