ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.
ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტში დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყანაში კანონით აიკრძალება.
სავარაუდოდ, ეს საკითხი მიმდინარე კვირაში სესიაზე განხილვისთვის არ გავა. საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო პოზიციის უახლოეს 2 კვირაში დაფიქსირებას აპირებს.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ქართული ოცნებისგან კანონპროექტის კრიტიკა არ მოგვისმენია, პირიქით, მის შინაარსს იზიარებენ კიდეც.
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს "პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები".
მისი თქმით, სუბიექტების "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მათ, ვინც თავს აარიდებს რეგისტრაციას, "შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები" დაეკისრებათ. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.
კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
სახდეპის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ამ კანონპროექტმა საქართველოში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიაზე გავლენა იქონიოს.
მისივე თქმით, ხსენებულ საკითხზე წუხილი ქართულ მხარესთან ვაშინგტონმა უკვე გამოხატა.
რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას