logo
ENG



ბრძოლა სიტყვებით, უკრაინისთვის - რა უთხრა მსოფლიოს ზელენსკიმ ერთ წელში
24 თებ 202317:20
5123

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც უკრაინელ ხალხთან ერთად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სიმამაცის სიმბოლოდ იქცა, ომის დაწყების შემდეგ, ყოველდღე ახალი ვიდეომიმართვით პასუხობს დროის იმ მონაკვეთში ოკუპანტების მიერ გამოწვეულ სისასტიკეებს, ომის დანაშაულებს, ათასობით შეწირულ სიცოცხლესა თუ განადგურებულ ოჯახებს.

რამდენადაც მისი გზავნილები განსხვავებულია, იმდენად საერთო მუხტსაც ატარებს და საბოლოო ჯამში, არა მხოლოდ უკრაინელებს, ყველას ერთ მთავარ მიზანს გვახსენებს - რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

ზელენსკის ესმის, რომ ბრძოლა მხოლოდ ფრონტის ხაზზე არ მიმდინარეობს, ამიტომ მისი ყოველი სიტყვა ბრძოლაა ეკრანიდან, უკრაინის გაძლიერებისა და კრემლის დასუსტებისთვის. ასე იყო პირველივე დღიდან, როცა დასავლეთს უპრეცედენტო ერთიანობისკენ, სანქციების დაწესებისკენ, სამხედრო თუ ჰუმანიტარული მხარდაჭერისკენ, ვლადიმერ პუტინს კი "სამდღიანი" ომის სტრატეგიის გადახედვისკენ უბიძგა. მაშინ, როცა პუტინის მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა, მოკავშირეები კი ევაკუაციას სთავაზობდნენ, უკრაინის პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა სიტყვებით: მე შეიარაღება მჭირდება და არა - გასეირნება.

დარჩა კიევში, როცა რუსული დეზინფორმაციის ტალღა უჩვეულო თავდაჯერებით საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და 25 თებერვლის ღამეს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელმაც საომარ პერიოდში მისი ლიდერობის სტილი განსაზღვრა.

 

"ჩვენ აქ ვართ, ჩვენ კიევში ვართ"

ომის დაწყების შემდეგ პირველ ვიდეომიმართვაში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოჯერ აცვია ოფიციალური სამოსი, უკრაინელებს დამშვიდებისკენ მოუწოდებს და ეუბნება, რომ პანიკას არ აჰყვნენ. მათ თავიდანვე ახსენებს სიტყვებს, რომელსაც მომდევნო თვეებში კიდევ ბევრჯერ იტყვის: ჩვენ ძლიერები ვართ.

"მალე კვლავ გამოვალ კავშირზე. პანიკის გარეშე, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენ ყველაფერზე გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ უკრაინა ვართ. დიდება უკრაინას".

25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი 33-წამიან ვიდეოს აქვეყნებს - ის პრეზიდენტის სასახლის წინ სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ერთად დგას და ყველას აჩვენებს, რომ არსად გარბიან. ასეც მოხდა, შიდა თუ გარე ხმების მიუხედავად, ზელენსკი არც მატარებელში ჩამჯდარა და არც უკრაინა დაუტოვებია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

"პრეზიდენტი აქ არის", - ამ სამი სიტყვით მსოფლიოს უთხრა, რომ იმ დროისთვის თავად, როგორც პუტინის მთავარი სამიზნე, ცხელ წერტილში რჩებოდა, რათა თავის მოქალაქეებთან ერთად უკრაინის დამოუკიდებლობა დაეცვა.

დადო პირობაც, რომ ეს ასე გაგრძელდებოდა და ომის დაწყების ჯერ კიდევ მეორე დღეს დაამსხვრია მითები რუსეთის "უძლეველი" არმიის შესახებ, რადგან ამ სიტყვებით უკრაინელებს იმედი ჩაუსახა, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს კი აიძულა, კრემლში კომფორტულ სავარძლებში მოკალათებული პუტინისა და მისი მარიონეტების განრისხების შიშით სიტყვებს კი არ ამოჰფარებოდნენ, არამედ რეალურად ემოქმედათ.

 

"არ გამოუშვათ თქვენი შვილები ომში"

ომის მე-17 დღეს ზელენსკი ბრიფინგების ოთახის ნაცვლად, თავის კაბინეტში ზის. თითქმის ყველაფერი იგივეა - უკრაინის დროშის ფონზე წინა ღამეს აჯამებს და არ ავიწყდება, უკრაინელებს შეახსენოს, რომ გამარჯვებისთვის იბრძვიან. თუმცა ერთი დეტალი ამ ვიდეომიმართვას სხვებისგან მაინც განასხვავებს. ზელენსკი რუს დედებს მიმართავს და სთხოვს, თავიანთი შვილები ომში არ გაუშვან.

"მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა რუსი დედებისთვის, განსაკუთრებით წვევამდელების დედებისთვის: არ გაუშვათ თქვენი შვილები უცხო მიწაზე ომში. არ დაიჯეროთ დაპირებები, რომ მათ სადღაც წვრთნებზე ან არასაომარ გარემოში გააგზავნიან. შეამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი და თუ ოდნავი ეჭვი მაინც გაქვთ, რომ თქვენი შვილი უკრაინის წინააღმდეგ ომში გააგზავნეს, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. არ დაუთმოთ საკუთარი შვილი სიკვდილს ან ტყვეობას. უკრაინას ეს შემზარავი ომი არასდროს უნდოდა და არ უნდა, მაგრამ დაიცავს რამდენადაც საჭიროა".

უკრაინაში შეჭრილ რუს სამხედროებს მათი დანაკარგების რაოდენობასაც ახსენებს და ეუბნება, რომ კიდევ აქვთ დრო საკუთარი თავების გადასარჩენად. ერთადერთი, რაც სჭირდებათ, უკრაინული მიწის დატოვება და სახლებში წასვლაა.

president.gov.ua

"ჩემი ასაკი გაჩერდა როცა 100-ზე მეტი ბავშვის გულისცემა შეწყდა"

ომის პირველ თვეს უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვების გარდა, საერთაშორისო საზოგადოებამდე მთავარი გზავნილების მიტანა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტიდან სცადა. ჩაერთო დიდ ბრიტანეთს, ამერიკას, კანადას, გერმანიას, საფრანგეთს და არაერთ სხვას. არ დავიწყებია მადლობა გადაეხადა მხარდაჭერისთვის, იყო ზომიერად კრიტიკულიც, თუმცა მთავარ სათქმელს ყველგან საერთო სულისკვეთებით იმეორებდა.

მისი თითოეული გამოსვლა ყოველთვის ავლებდა პარალელს იმ ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენებზე და მიმართვების ბოლოს კანონმდებლებისგან ყოველ ჯერზე იმსახურებდა ფეხზეწამომდგარ ოვაციებს. მაგალითად, გერმანიაში ოლაფ შოლცს მიმართა და რონალდ რეიგანის ცნობილი ფრაზა გაიხსენა. 1987 წელს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მიხეილ გორბაჩოვის მისამართით გაჟღერებული მოწოდება ზელენსკიმ 2022 წელს ბუნდესტაგში გერმანიის კანცლერს გაუმეორა:

"ძვირფასო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი".

ბევრად ემოციური იყო მისი ჩართვა კონგრესში, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა თავისუფლების სურვილზე, უკრაინელების ღირებულებებსა და ოცნებებზე. ხაზი გაუსვა, რომ ომის დაწყების შემდეგ გასული არცერთი წამის განმავლობაში დანებებაზე არ უფიქრიათ, რადგან ყოველდღე, ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტების ფონზე წყდებოდა მათი ბედი.

კონგრესმენებს სთხოვა, გაეხსენებინათ პერლ ჰარბორი, 1941 წლის 7 დეკემბრის დილა, როცა ცა თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად გაშავდა. გაახსენა 2001 წლის 11 სექტემბერიც, როცა ტერიტორიები ბრძოლის ველად იქცა, ის, რასაც უკრაინა 24 თებერვლის შემდეგ ყოველდღე განიცდის. ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს უთხრა, რომ სწორედ ასე, რუსეთმა უკრაინული ცა ათასობით ადამიანის სიკვდილის წყაროდ აქცია.

"ახლა თითქმის 45 წლის ვარ. დღეს ჩემი ასაკი გაჩერდა, როცა 100-ზე მეტი ბავშვის გულისცემა შეწყდა. ცხოვრების აზრს ვერ ვხედავ, თუ ის სიკვდილს ვერ შეაჩერებს. სწორედ ეს არის ჩემი, როგორც ჩემი ხალხის, მამაცი უკრაინელების ლიდერის მისია - როგორც ჩემი ერის ლიდერი, პრეზიდენტ ბაიდენს მივმართავ: თქვენ თქვენი ერის ლიდერი ხართ, დიდებული ერის. ვისურვებდი, რომ მსოფლიო ლიდერი ყოფილიყავით. მსოფლიო ლიდერობა ნიშნავს, იყოთ მშვიდობის ლიდერი".

ბრიტანელ დეპუტატებს კი ზელენსკი ომის მე-13 დღეს ჩაერთო და გასულ დღეებზე მოუყვა. ისტორიულ გამოსვლაში ისაუბრა იმ უკრაინელების სახელით, რომლებსაც არ სურდათ ომი, თუმცა უწევთ ბრძოლა, რადგან დაიცვან და არ დაკარგონ უკრაინა. თემთა პალატის წევრებს მაგალითად მოუყვანა შექსპირის ცნობილი ფრაზა, თუმცა მისი პასუხი გადამწყვეტი იყო.

"ყოფნა? არყოფნა? ჩვენთვის საკითხავი ახლა ეს არის. თქვენ კარგად იცით ეს შექსპირისეული ფრაზა. 13 დღის განმავლობაში ეს კითხვა შესაძლოა დასმულიყო, მაგრამ ახლა ზუსტ პასუხს გაგცემთ: დიახ, ნამდვილად ყოფნა".

ამავე პერიოდში ჩაერთო კანადის პარლამენტსაც და კანონმდებლებს უთხრა, რომ ის, რისი წარმოდგენაც მათ არ შეეძლოთ, უკრაინის ყოველდღიური რეალობა იყო.

"ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ ჯასტინ, მაგრამ მინდა გაიგოთ - და მინდა იგრძნოთ - რას ვგრძნობთ ჩვენ ყოველდღე. ჩვენ გვინდა ვიცოცხლოთ და გვინდა გამარჯვებულები ვიყოთ".

21 დეკემბერს კი ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ უკრაინა პირველად დატოვა და აშშ-ის ეწვია - ვაშინგტონში ის ბახმუტის ფრონტის ხაზის მონახულების შემდეგ გაემგზავრა და კონგრესმენებს მოუყვა, რა სიტუაცია დახვდა ქალაქში, რომელსაც ოკუპანტები მაისის შემდეგ უწყვეტად ესხმოდნენ თავს. 

Kenny Holston/The New York Times

სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბახმუტიდან დროშა ჩაუტანა იმის ნიშნად, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრებსა და სენატორების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

"განწირული და ბნელი სცენარების მიუხედავად, უკრაინა არ დაეცა. უკრაინა ცოცხალია და იბრძვის".

პირადად ეწვია ბრიტანეთის პარლამენტსაც და ამჯერად, ეკრანიდან წარმოთქმული ემოციური სიტყვის ნაცვლად, ტრიბუნიდან ისაუბრა და ოვაციები დარბაზში დაიმსახურა. იქ მან ისაუბრა მსოფლიოზე, რომელიც ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ დადგება.

"ვიცით, რომ რუსეთი დამარცხდება და ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის. ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხნის განმავლობაში სჭირდებოდა. დიდი ბრიტანეთი ჩვენთან ერთად მოიწევს, ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ. ეს იქნება გამარჯვება ომის იდეაზე. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ნებისმიერ აგრესორს, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, ეცოდინება, რა ელოდება, თუ საერთაშორისო წესრიგს თავს დაესხმება".

ბრიტანეთში, რომელმაც ომის დაწყების დღიდან უკრაინისამდი უპრეცედენო მხარდაჭერა დააფიქსირა, იდგა ყველა უკრაინელი გმირის, ქვეყნის ცის დამცველის, მეტანკის თუ წვევამდელის სახელით.

"აქ ვდგავარ ყველა მამისა და დედის სახელით, რომლებიც თავიანთ მამაცი შვილების ომიდან დაბრუნებას სახლში ელოდებიან".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თემთა პალატის სპიკერს
უკრაინული გამანადგურებლის პილოტის ჩაფხუტი აჩუქა წარწერით:

"ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად".

 

"დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ"

უკრაინის პრეზიდენტს ოვაციებით შეხვდნენ ევროპარლამენტშიც - პირველი მიმართვა აქაც კიევიდან ჰქონდა, ევროპელ კანონმდებლებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველაზე მთავარი შეახსენა - რომ უკრაინა ევროპაა და მისი მოქალაქეები თავისუფლების დასაცავად ყოველდღე ძალიან დიდ საფასურს იხდიან.

"ევროკავშირი ჩვენთან ერთად ბევრად ძლიერი იქნება, თქვენ გარეშე უკრაინა მარტოსული იქნება. დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაგვიმტკიცეთ, რომ არ გაგვიშვებთ, დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ და შემდეგ სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს, ხოლო სინათლე სიბნელეზე. დიდება უკრაინას".

მან თქვა ის, რაც ომის ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გახდა ცხადი: უკრაინელები იბრძვიან გადარჩენისთვის, იბრძვიან, რომ იყვნენ ევროკავშირის თანაბარი წევრები.

"ჩვენ ვერავინ გაგვტეხს, ძლიერები ვართ, ჩვენ უკრაინელები ვართ. გვინდა, რომ ჩვენი შვილები ცოცხლები ვნახოთ და ვფიქრობ, ეს სამართლიანია".

Julien Warnand/Shutterstock

თითქმის ერთი წლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ევროპარლამენტს პირადად ეწვია და რაც ვერ თქვა მაშინ, გააჟღერა ტრიბუნიდან და ხაზი გაუსვა, რომ ოკუპანტ ქვეყანას არ მისცემენ საშუალებას, უკრაინის ევროპული ცხოვრების გზა გაანადგუროს.

"ევროპა ყოველთვის დარჩება თავისუფალი, სანამ ჩვენ ერთად ვართ და სანამ ჩვენს ევროპაზე ვზრუნავთ".

"უკრაინა არსებობდა მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იარსებებს შემდეგ"

კიდევ ერთი ვიდეომიმართვაში, რომელიც ზელენსკიმ კიევის ქუჩებიდან ჩაწერა, აქცენტი ოკუპანტების სისასტიკეებზეა გაკეთებული. უკრაინის პრეზიდენტი საზოგადოებას ახსენებს, რომ რუსეთი ომის კანონებით არ მოქმედებს და ყოველდღე ომის დანაშაულებს სჩადის.

10 ოქტომბრის ვიდეოში ზელენსკი საუბრობს ირანული წარმოების დრონებზე, რომლებსაც საოკუპაციო ძალები ორი სამიზნის -კრიტიკულ ინფრასტრუქტურისა და ადამიანების - წინააღმდეგ იყენებდნენ.

"ასეთი დრო და ასეთი მიზნები სპეციალურად შეარჩიეს, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მოეყენებინათ. მაგრამ ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ჩვენ ერთმანეთის გვჯერა, ჩვენ ყველაფერ განადგურებულს აღვადგენთ".

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტების მთავარი მიზანი ხალხის შეშინებაა, რათა მათ დანებება და გაქცევა აიძულონ, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ უკრაინელები მხოლოდ ერთი მიმართულებით გარბიან - წინ.

"ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა არსებობდა მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იარსებებს მას შემდეგ".

president.gov.ua

მსგავსი შინაარსის მიმართვა ზელენსკის არაერთხელ ჰქონდა - ის საუბრობს უკრაინაზე, როგორც ერთიან ძალაზე და ყურადღებას ამახვილებს მის მნიშვნელობაზე. ეს იყო ზელენსკის მთავარი გზავნილი უკრაინის ერთიანობის დღეს, 22 იანვარსაც:

"ამ ისტორიულმა დღემ უკრაინელების მომავალ თაობას ორი სიბრძნე გადასცა - თუ არ შევწყვეტთ ბრძოლას, ადრე თუ გვიან ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება. თუ არ მივაღწევთ ჭეშმარიტ ერთიანობას, დამოუკიდებლობა დაიკარგება. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით პირველი სიბრძნის შესახებ და 24 თებერვალს დამტკიცდა, რომ მეორეს მივაღწიეთ. ჩვენი უკრაინა ერთიანია, რადგან ის ძლიერია. ის ძლიერია, რადგან ერთიანია".

საკუთარი მოქალაქეებისთვის ჩაწერილ კიდევ ერთ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ უკრაინელებს ერთმანეთის მხარდაჭერისკენ და გაძლიერებისკენ მოუწოდა, რადგან მიაჩნია, რომ ომის გამო რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანებზე, ახლობლებზე თუ უცხოებზე, ზრუნვა მნიშვნელოვანია.

"არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება, მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს. გთხოვთ დაუთმოთ დრო, რომ უთხრათ კეთილი სიტყვები თქვენს ახლობლებს. მაშინაც კი, თუ ეს ადამიანები არ არიან თქვენი ახლობლები, უბრალოდ სხვა უკრაინელებსაც. გთხოვთ, გამონახოთ შესაძლებლობა და მომენტი, რომ მადლობა უთხრათ შრომისთვის, შეაქოთ ამა თუ იმ ძალისხმევისთვის, ზრუნვისთვის.

თუ ადამიანი რთულ სიტუაციაშია, ასეთ რთულ დროს მარტოა და სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჰყავს ნათესავები, გთხოვთ იკითხოთ, სჭირდება თუ არა დახმარება, ან უბრალოდ დაეხმარეთ უკითხავად. თუ იცით, რომ ადამიანი ომიდან შვილს ელოდება, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება: უთხარით გამარჯობა, მოუსმინეთ, დაეხმარეთ. უფრო ხშირად ჩაეხუტეთ თქვენს ოჯახის წევრებს. უფრო ხშირად უთხარით თქვენს მეგობრებს, რამდენად აფასებთ. უფრო ხშირად დაეხმარეთ კოლეგებს. უფრო ხშირად გადაუხადეთ მშობლებს მადლობა. უფრო ხშირად გაატარეთ დრო ბავშვებთან ერთად".

ჩვენ ადამიანობა არ დაგვიკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი თვეები გავიარეთ და მას არ დავკარგავთ, მიუხედავად იმისა, რომ წინ ასევე ძალიან რთული წელი გველის. ჩვენ მივაღწევთ გამარჯვებას და ეს ნამდვილად ერთად უნდა გავაკეთოთ".

 

president.gov.ua

 

"უკრაინის სული, თავისუფლების სული"

ზელენსკი დასახელდა TIME-ის წლის პიროვნებად, უკრაინულ სულთან ერთად. სტატიაში საუბარი იყო ომის განმავლობაში ზელენსკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ფაქტზე, რომ არ დატოვა კიევი, თუმცა იყო ყველგან - პარლამენტებში, მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე, გრემის დაჯილდოებაზე და ა.შ.

"ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე უკრაინელების ბრძოლას და უკრაინელების სულს. ეს თავისუფლების სულია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მრავალ ადამიანშია. ისტორიები გმირებისა, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, თქვენი ისტორიებიცაა. უბრალო კაცები და ქალები, რომლებიც მამაცები გახდნენ და თავისუფლების დასაცავად თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ - სხვადასხვა თაობის სხვადასხვა ერმა ეს სულისკვეთება იცოდა.

თქვენ უკვე ნახეთ უკრაინის სული თაიმის ჟურნალის გარეკანზე - არა ერთზე, არამედ ბევრზე. ისინი უკრაინელები არ ყოფილან, მაგრამ იყო - სიმამაცე, თავისუფლებისკენ სწრაფვა, სოლიდარობა, კრეატიულობა და თავდადება - ღირებულებები, რომელიც კაცობრიობამ უხსოვარი დროიდან კარგად იცის და რამაც წელს მსოფლიო უკრაინის დროშის ფერებისა და ჩვენი ხალხის მიღწევების ქვეშ გააერთიანა. ეს არის თავისუფალი სული და მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ სულმა გაიმარჯვოს".

"უკრაინა საკუთარი მომავლისთვის იბრძვის, რუსეთი ვიღაცის წარსულისთვის"
უკრაინის პრეზიდენტმა დისტანციურად მიმართა ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს და მათ შეახსენა განსხვავება რუსეთია და უკრაინის ბრძოლის მიზნებს შორის.

"ალბათ, დასვამთ კითხვას, რატომ აკეთებს ამას რუსეთი? იმიტომ, რომ მას გლობალური ფობია აქვს სახელმწიფო დონეზე. ეს არის თავისუფლების ფობია. მათთვის ეს უცხოა და შესაბამისად, ძალიან საშიში ძალა.

თუნდაც ეს თავისუფლება მათ ქვეყანაში არ არის და მეზობელ ქვეყანაშია, თავისუფლება ახლოსაა. რუსეთისთვის ეს სახიფათოდ ახლოსაა, უნდათ, რომ გაანადგურონ. მაგრამ წააგებენ, ჩვენ ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, ისინი ვიღაცის წარსულისთვის. მაგრამ მსგავსი ქვეყნებისა და მმართველების დრომ ჩაიარა".

"უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ"

ბოლოს, უნდა აღინიშნოს ზელენსკის მადლობა ქართველ ხალხს. თავდაპირველად, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის მიმართ მადლიერება Twitter-ზე გამოხატა და აქვე მკაფიოდ დააფიქსირა ის, რაც არაერთმა განცხადებამ თუ ქმედებამ ცხადყო - განსხვავება მთავრობისა და ხალხის პოზიციებში.

"რა თქმა უნდა, არის დრო, როდესაც მოქალაქეები არ წარმოადგენენ მთავრობას, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან".

თქვა ზელენსკიმ მაშინ, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა - მოგვიანებით მან რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა:

"ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი - თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის".

გვახსოვს მისი ჩართვა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მხარდამჭერებისთვისაც. ამჯერად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისა და საქართველოს ერთიანობაზე სიტყვები ქართულად წარმოთქვა.

"მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა. ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანისთვის. ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - თქვენი.

თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გაზე ხართ. იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!

დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას! მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებებს გისურვებთ!".

 

close დახურვა