logo
ENG



"ოცნება" რუსული კანონის ორივე ვარიანტს I მოსმენით მიიღებს და ვენეციის კომისიაში გააგზავნის

27 თებ 202312:38
3 წუთის საკითხავი
clock 721
2023/02/27/mjollamvhi3tely.jpeg

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს. 

ამის შესახებ ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, საკომიტეტო და პლენარული განხილვები უახლოეს დღეებში დაიწყება.

ხუნდაძის თქმით, უცხოური გავლენის შესახებ კანონის პირველ ვარიანტში, რომელსაც ისინი ე.წ. ქართულ კანონს უწოდებენ, რამდენიმე ტექნიკური ცვლილება შევა. კერძოდ, დაკონკრეტდება უცხო გავლენის აგენტთა წრე, მაგალითად კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა.

"ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად ივნისის ბოლომდე მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას", - თქვა ხუნდაძემ.

ქართული ოცნების, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად გააგრძელებენ კანონპროექტზე მუშაობას და კანონს აუცილებლად მიიღებენ.

"ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ იმას, რომ გამჭვირვალობა რა ვარგა. შეიძლება იყო ცალკეული კომენტარები. ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა, მაგრამ გამორიცხულია, რომ ან ერთზე, ან მეორეზე, ან ორივეზე წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა, შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ ან მეორე კანონს მივიღებთ", - თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

კრიტიკის შემდეგ "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა ე.წ. ამერიკული ვარიანტი, რომელიც მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან. 


close დახურვა