logo
ENG



ომბუდსმენის კონსილიუმი სააკაშვილზე: 5-7კგ-ის დაკარგვის შემდეგ, საწოლზე მიჯაჭვული გახდება

27 თებ 202317:07
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან მოწვეული სპეციალისტებისა და ექსპერტების ჯგუფის მორიგი ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. ომბუდსმენის კონსილიუმი ექსპრეზიდენტთან 19 თებერვალს იმყოფებოდა.

კონსილიუმი აღნიშნავს, რომ 4 დეკემბრის, ანუ პაციენტთან ბოლო ვიზიტის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმებულია -
გამოხატულია მძიმე სარკოპენია, პაციენტს დაკლებული აქვს კიდევ 5,7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე, გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.

მათი თქმით, წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა, ამასთან, აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის პროგნოზით, პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში, შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში. დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

"გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის, რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს, არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით", - აღნიშნულია ახალ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 19 თებერვალს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაგეგმილი ჰქონდათ პაციენტის გასინჯვა და მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა - მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური გასინჯვა მოხერხდა, ხოლო, სამედიცინო მასალების ადგილზე მოწოდება კლინიკამ არასამუშაო დღის გამო ვერ უზრუნველყო. ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ 4 დეკემბრიდან ამ დრომდე სრული სამედიცინო მასალები გამოითხოვეს და მათ ექსპერტთა ჯგუფი დამატებით გაეცნობა.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა