logo
ENG



პრაისი რუსულ კანონზე: მსგავსმა კანონმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას

28 თებ 202308:45
3 წუთის საკითხავი
clock 788

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმეს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებს, რისი სურვილიც საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ ბოლო ათწლეულებში. განცხადებები, თითქოს ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს", აშკარად მცდარია. კანონპროექტს, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს ანალოგიური რუსული და უნგრული კანონმდებლობა და არა ამერიკული კანონმდებლობა", - განაცხადა პრაისმა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

კრიტიკის შემდეგ "ხალხის ძალამ" დააინიცირა ე.წ. ამერიკული ვარიანტი, რომელიც მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა