logo
ENG



ბლინკენის თანაშემწე დარჩიაშვილს: აგენტებზე კანონი ძირს გამოუთხრის ევროინტეგრაციას

01 მარ 202311:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/01/e3kyifr690kq17b.jpg
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ერინ ბარკლიმ ჟენევაში ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი "დამოუკიდებელ ხმებს გააჩუმებს".

"სახელმწიფო მდივნის მოქმედმა თანაშემწემ [ერინ] ბარკლიმ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტებზე თანამშრომლობა, მათ შორის რუსეთის აგრესია. ბარკლიმ გამოთქვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეშფოთებები, მათ შორის კანონპროექტზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას." - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი 28 თებერვალს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლის.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.

"დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევა როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების, ისე 2022-2030 წწ-სთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო დონეზე დამტკიცების თვალსაზრისით" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა