logo
ENG



ესებუამ უარი თქვა, მისი ინტერესები ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას

01 მარ 202318:11
3 წუთის საკითხავი
clock 669

ზუგდიდში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულმა, ბადრი ესებუამ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის აცილება მოითხოვა. ადვოკატი აცხადებს, რომ ამის მიზეზი ესებუაზე განხორციელებული ზეწოლაა.

"დღეს პროცესზე დადასტურდა, რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს ზეწოლა, დადასტურდა, რომ მას ათქმევინეს, ადვოკატის აცილებაზე. ეს არის არნახული ზეწოლა, რომელიც მასზე ხორციელდება და როცა ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო, ეს გააკეთებინეს", - განაცხადა კობაიძემ.

ორწლიანი ძებნის შემდეგ, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.  ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში გამთენიას აიყვანეს, როცა სავარაუდოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ესებუა ბრალს არ აღიარებს. როგორც ადვოკატმა თქვა, ესებუას ლიკვიდაციის ეშინოდა და ამის გამო მიმალვაში იყო.

მას ზუგდიში საქართველოს ბანკის დაყაჩაღება და ადამიანების მძევლად აყვანა ედება ბრალად. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ესებუამ 500 ათასი დოლარი მოითხოვა. გარდა ამისა, ესებუას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტსა და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა