logo
ENG



ბურჭულაძე კვარაცხელიას გაწვევაზე: პრემიერის დონეზე გადაწყდება ინდივიდუალური შემთხვევები

02 მარ 202314:36
3 წუთის საკითხავი
clock 851
2023/03/02/eewr57sqw6tjq0l.jpg

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ინდივიდუალური შემთხვევები პრემიერი დონეზე გადაწყდება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ზე ისაუბრა და მაგალითად 22 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანა, რომელიც ამჟამად კლუბ ნაპოლიში თამაშობს.

"ინდივიდუალურ შემთხვევებს მინდა გავუსვა ხაზი. ვნახე, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდება ამ სიაში. ეს არის ტყუილია, ასე არ იქნება. მაქსიმალურად შევამცირეთ სუბიექტური გადაწყვეტილების საშუალება და ავწიეთ პრემიერის დონეზე ისეთი ინდივიდუალური შემთხვევები, როგორიცაა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე", - თქვა ბურჭულაძემ.

პარლამენტში განიხილავენ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც რიგ საკითხებთან ერთად სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც ეხება. იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ან მისგან გათავისუფლების პირობები, მათ შორის სასულიერო პირებსა და სტუდენტებისთვის.

დოკუმენტში წერია, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება "არაკეთილსინდისიერი ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობა" დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას.

სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სტუდენტის სტატუსი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების მიზეზი ვეღარ იქნება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. როგორც პროექტშია აღნიშნული, ასეთ შემთხვევაში, მას საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა - 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს, ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი ვეღარ ისარგებლებს. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, "გადავადების აღნიშნული საფუძველი არ არის თავსებადი იმ ხედვებთან, რომელსაც ავითარებს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით".

სასულიერო პირებს მოუწევთ გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც 12 თვე გაგრძელდება.

დეტალურად წაიკითხეთ: სტუდენტის სტატუსი ჯარისგან ავტომატურად ვეღარ გიხსნით - რა ცვლილებები იგეგმება

 


close დახურვა