logo
ENG



ივანიშვილის ადვოკატი რუსულ კანონზე: რატომ იყო აუცილებელი ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

13 მარ 202311:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/13/r3um9b3glexeq9u.jpg

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ანალიტიკური ცენტრის ჯეოქეისი თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს აკრიტიკებს და სვამს კითხვას, თუ ის არასამთავრობო სექტორისთვის საგნობრივ ცვლილებებს არ გამოიწვევდა, მაშინ რას ემსახურებოდა მისი ინიციირება. ამის შესახებ მან რადიო იმედის ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ რამდენიმე კითხვა უნდა დავსვათ რიტორიკული, ალბათ და მისი არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ კითხვის კონსტრუქციაშივე დევს პასუხი. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ამ პროცესის ოფიციალურ წამოწყებას მოჰყვებოდა ასეთი მწვავე რეაქცია, მოჰყვებოდა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ?

ჩვენ ხომ ამაზე ვიღებდით არაერთგზის განცხადებას, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. იმათ მხრიდან, რომელთა მიმართულებითაც ჩვენი დეკლარირებული კურსი არის", - განაცხადა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ, რატომ არ მოხდა ამის შეფასება რეალურად, ყიფიანი პასუხობს:

"ეს არის, ალბათ, ის კითხვა, რომელზეც ჩვენ ყველას გვიმძიმს სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და მართალი, ობიექტური პასუხი გავცეთ. მე ვეცდები გავიმეორე იგივე - სამწუხაროდ, ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისათვის და ამან გადაფარა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ამოცანები და პრიორიტეტები", - თქვა ყიფიანმა.

ჟურნალისტმა მას წაუკითხა ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის განცხადება, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო, სწორი გზავნილებით აეხსნა მოსახლეობისთვის ამ კანონის მნიშვნელობა და ამას მოჰყვა დაპირისპირება, რაზეც ადვოკატი აცხადებს:

"გარკვეულწილად მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ განცხადებას. მოდით, ასე ვთქვათ, კანონპროექტი სამართლებრივი ტექნიკის კუთხით კითხვას არ უნდა იწვევდეს, ის თავისი სამართლებრივი შინაარსით არის უმტკივნეულო, არაერთგზის ითქვა, რომ არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არასამთავრობო სექტორს არ მიაყენებდა, არც საქმიანობის შეზღუდვაზე იყო საუბარი და ასე შემდეგ. მაშასადამე, ესე იგი, ასახსნელი იყო უკეთ კონტექსტი...

როდესაც ვთქვი, რომ სამართლებრივი ტექნიკის, შინაარსის კუთხით კანონპროექტი არის აბსოლუტურად უვნებელი, არანაირი განსაკუთრებულ ზიანს არ უკავშირდება, მაშინ მით უმეტეს, მინდა, დავსვა ასეთი რიტორიკული კითხვა, მაშინ, რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიციირება? თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიციირებით, ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

გამჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მოტივი, მე მივიჩნევ, რომ თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით.

ახლა, ამ ვითარებაში, ცალკე კანონმდებლობის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის, რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ, ვეთანხმები, რომ ეს რა თქმა უნდა, უკეთ ახსნას ექვემდებარებოდა", - განაცხადა მან. 

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.


close დახურვა