logo
ENG



კოალიცია საგამოძიებოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებზე მიმართავს

13 მარ 202315:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/13/8j50ynvpfmlvx1w.jpg
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს.

კოალიცია აღნიშნავს, რომ რუსული კანონის გარშემო არსებული ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი.

ორგანიზაციის განცხადებით, აქციების დაშლის პროცესში სამართალდამცავები ხშირად ძალადობდნენ, იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას და მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს გაეშუქებინათ რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები.

განცხადებაში საქართველოს პარლამენტის შენობაში და შენობის მიმდებარედ მედიის წარმომადგენლის უფლებების უხეშად დარღვევის რამდენიმე ფაქტია ჩამოთვლილი:

  • ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტის ეზოდან გამოაძევეს On.ge-ის რედაქტორი თამარ გეგიძე, ფორმულას ფოტოჟურნალისტი ვახტანგ ქარელი და ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთის ჟურნალისტი მიხეილ გვაძაბია;
  • დააკავეს პუბლიკას დირექტორი ზურაბ ვარდიაშვილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს;
  • დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი, რომელიც ასევე მოგვიანებით გაათავისუფლეს;
  • დაშავდა ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია;
  • დაშავდა TOK TV-ის ოპერატორი ხვიჩა გაბუნია და ჟურნალისტი ნუგზარ სუარიძე;

ამასთან, განცხადებაში საუბარი 7-8 მარტის აქციებზე, როდესაც არაერთ ჟურნალისტს და ოპერატორს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელი შეუშალეს და მათი საქმიანობის სათანადოდ განხორციელების საშუალება არ მისცეს.

"აღსანიშნავია, რომ გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ჟურნალისტთა უმრავლესობა უკვე გამოიკითხა და გრძელდება დეტალების დაზუსტება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ. მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ 16 ჟურნალისტის მიმართ გამოვლენილი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავე პირთა სათანადოდ დასჯა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ შემცირდეს ჟურნალისტების უფლებების დარღვევის გახშირებული შემთხვევები", - აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • უზრუნველყოს მედიის წარმომადგენელთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, საქმიანობაში ხელის შლების, ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სხვა შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება;
  • მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის და გამოკვეთილი შედეგების შესახებ პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას განახლებული მონაცემები.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

 


close დახურვა