საქართველოს უნივერსიტეტი ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დავას იწყებს. ამის შესახებ მედიასთან კომენტარის დროს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ განაცხადა.
თოფურია პასუხობს კობახიძის განცხადებას, რომ "გიული ალასანიას საქართველოს უნივერსიტეტი 1 ლარად გადაეცა" და ამბობს, რომ უნივერსიტეტი აუქციონზე 4 მილიონ დოლარად შეიძინეს.
"უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იმ განცხადებებით, რაც უკანასკნელ დღეებში გვესმის ჩვენი უნივერსიტეტის მისამართით. ეს სიცრუეზე აგებული კამპანია მიზნად ისახავს უნივერსიტეტის, მისი სტუდენტების დისკრედიტაციას, იმ ღირებულებების დისკრედიტაციას, რასაც წლებია ვემსახურებით, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების დისკრედიტაციას, განათლების, პროგრესის, თავისუფლების ხარისხის, ჰუმანურობის და შრომის დისკრედიტაციას. უნივერსიტეტის დისკრედიტაციით ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჩვენ სტუდენტებს, რომლებითაც ვამაყობთ, რომლებიც მართლაც ისტორიის ნათელ მხარეს დგანან. მერამდენედ გაჟღერდა ტყუილი თითქოს, საქართველოს უნივერსიტეტი გიული ალასანიას 1 ლარად გადაეცა. ტყუილია. გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ ეს უნივერსიტეტი ნულიდან შექმნეს 2004 წელს.[...] ყოველგვარი სახელმწიფო დახმარების გარეშე მივედით იქამდე რასაც ახლა ხედავთ. [...] საქართველოს უნივერსიტეტის შენობები ჩვენ საჯარო აუქციონზე, დაახლოებით, 4 მილიონ ამერიკულ დოლარად შევიძინეთ. ეს შეგიძლიათ ყველგან გადაამოწმოთ. ამ შენობების შესაძენი თანხა საბანკო სესხით მივიღეთ. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ამ შენობებს ტექნიკური უნივერსიტეტი იყენებდა, აქ იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, კარკასები, სადაც ვერანაირი სასწავლო პროცესი თუ სხვა აქტივობა ვერ განხორციელდებოდა. ამ შენობების რეაბილიტაციისთვის უნივერსიტეტმა 12 მილიონი დოლარის სასესხო ხაზი გაჭრა ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტებთან. ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ამ შენობებს უნივერსიტეტი რუსეთთან ომის დროს დაეპატრონა, ისინი ომის დაწყებამდე, 2007 წელს, ნაწილი კი 2008 წელს ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე იქნა შეძენილი."- განაცხადა თოფურიამ.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, მათ კობახიძისა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის შეაქვთ.
"ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის, და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ბატონების, ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დღეს შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში ჩვენს სტუდენტებს მიაძახოს თითქოს, მათი უნივერსიტეტი რაიმე კორუფციული გარიგებით შეიქნა. ვწუხვართ, რომ ხელისუფლება მოქცეულია იმ იდეოლოგიური პროპაგანდის ტყვეობაში რასაც პუტინის პროპაგანდისტები დიდი ხანია ავრცელებენ."- განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ.
* * *
ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ "გიული ალასანიამ საქართველოს უნივერსიტეტი 1 ლარად მიიღო."
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა ფრანკლინის კლუბზე და თქვა, რომ კლუბი "უცხოური გავლენის აგენტია."
"აქტივობებისათვის "ფრანკლინის კლუბი" აქტიურად იყენებს "საქართველოს უნივერსიტეტის" ინფრასტრუქტურას."- განაცხადა კობახიძემ.