logo
ENG



თსუ-ის სამართლის სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, კობახიძის საგანი ამოშალეს

15 მარ 202317:14
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ამოშალეს საგანი, რომელსაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხულობს.  გარდა ოცნების თავმჯდომარის სალექციო კურსისა, სტუდენტებმა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გიორგი კახიანის საგანიც ამოშალეს. 

ირაკლი კობახიძე და გიორგი კახიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უკითხავენ საგანს - "საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი". სტუდენტების თქმით, ეს საგანი სავალდებულოა, ამიტომ მათ მიმართეს ადმინისტრაციას და სთხოვეს, იგივე საგნის სხვა ლექტორებთან გავლის საშუალება მიეცეთ.

ქართული ოცნების თავმჯდომარისა და გიორგი კახიანის სალექციო კურსებზე სტუდენტთა რაოდენობა თითქმის განახევრდა. ფორმულასთან ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, რომ კობახიძის საგნის ამოშლის მიზეზი "მისი ზოგადი პოლიტიკური მოღვაწეობა და იმ პრინციპების უარყოფაა, რაზეც ის [კობახიძე] თავის წიგნში საუბრობს".

"რადგან ჩემთვის მიუღებელი იყო კობახიძის ზოგადი პოლიტიკური მოღვაწეობა და ის, რასაც ის აკეთებს, კერძოდ, იმ პრინციპების და ღირებულებების უარყოფა, რაც თავის წიგნშიც კარგად უწერია, გადავწყვიტეთ, დეკანატში მივსულიყავით მე და რამდენიმე სტუდენტი და მოგვეთხოვა ადგილების დამატება სხვა ლექტორებისთვის, როცა ჩვენ და ბევრ სტუდენტს, ვისაც არ სურდა კახიანთან და კობახიძესთან საგნის ქონა, მოგვცემოდა შესაძლებლობა, გადავსულიყავით სხვა ლექტორებთან.

გარდა მისი პოლიტიკური მოღვაწეობისა იყო ის, რომ როცა ის თავის წიგნში საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფოს განვითარებისთვის და დემოკრატიული მომავლისთვის აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანთა უფლებების პრინციპის დაცვა სახელმწიფოს მიერ, მეორე დღეს კი საკუთარ თუ სხვის სტუდენტებს და სხვა მოქალაქეებს მხუთავი აირით გუდავს და ეს თავისთავად არის სტუდენტის მოტყუება და იმ ღირებულებების უარყოფა, რაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის", - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თსუ-ის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს პროტესტი გამოუცხადეს. 11 მარტს აუდიტორიასთან, სადაც ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, მათ აქცია გამართეს.

მოგვიანებით, სტუდენტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში მშვიდობიანი აქციის გამართვა დაგეგმეს, მიუვიდათ შეტყობინება, რომ ირაკლი კობახიძის ლექცია აღარ ჩატარდებოდა.


close დახურვა