logo
ENG



გაგლოევი პუტინს მოსკოვში შეხვდა და "დამოუკიდებლობის წლისთავზე" ცხინვალში დაპატიჟა

17 მარ 202300:19
3 წუთის საკითხავი
clock 526
2023/03/17/xj8n10f1mmi4eto.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტს ალან გაგლოევს კრემლში შეხვდა და ეკონომიკურ და სამხედრო საკითხებში თანამშრომლობა განიხილა. გაგლოევმა კი პუტინი ცხინვალში დაპატიჟა.

ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.

"არ ვაპირებ აღვწერო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები. ვფიქრობ, აქ კომენტარი ზედმეტია, ეს [ურთიერთობა] განსაკუთრებულია" - განაცხადა პუტინმა შეხვედრის დაწყებისას. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე უსაფრთხოებას რუსეთის სამხედრო ბაზა უზრუნველყოფს.

"უსაფრთხოების კუთხით, რუსეთის სამხედრო ბაზა რესპუბლიკის ტერიტორიაზეა განთავსებული და შესაბამისი უწყებები ამ ტერიტორიაზე ძალიან ახლოს თანამშრომლობენ" - განაცხადა პუტინმა.

მედიის ცნობით, ალან გაგლოვმა პუტინი ე.წ სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" 15 წლისთავთან დაკავშირებით საპატიო სტუმრად ცხინვალში მიიწვია.

"წელს ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავს და მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და დაგპატიჟოთ სამხრეთ ოსეთში, როგორც საპატიო სტუმარი" - განაცხადა გაგლოევმა პუტინთან შეხვედრისას.

პუტინის თქმით, მათ შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკურადაც. და გასულ წელს ვაჭრობა 12%-ით გაიზარდა, რაც პუტინის თქმით, კარგი მაჩვენებელია.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მუშაობენ საინვესტიციო, სოციო-ეკონომიკურ პროგრამებზე, ასევე ცხინვალის ფინანსურ დახმარებაზე.

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა.


close დახურვა